spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისამართალი თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორნაში, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, უცხოელ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ...

[ვიდეო] თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორნაში, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, უცხოელ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი დააკავეს.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1973 წელს დაბადებული შ.ხ., 1999 წელს დაბადებული ა.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1993 წელს დაბადებული მ.გ.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა. კერძოდ, ისინი, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ.

იმ შემთხვევაში თუ კი დაზარალებულები ბრალდებულების მიერ დასახელებულ თანხას არ გადაიხდიდნენ, მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამ გზით ეუფლებოდნენ ფულს.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას და ვიდეო მასალას შსს ავრცელებს.

ბოლო სიახლეები