ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოს“ შესახებ წარმოებულ ჟურნალისტურ მოკვლევასთან დაკავშირებით, პორტალ region.ge-ს დამფუძნებელი, ალეკო ჩუბინიძე ხვალ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.
როგორც ალეკო ჩუბინიძე აცხადებს, მის მიერ დაფუძნებული მედიაპლატფორმები უკვე 6 თვეზე მეტია ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოს“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ჟურნალისტურ მოკვლევას აწარმოებენ, რა დროსაც მთელი რიგი ფაქტები გამოიკვეთა, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს.
„ვაპირებ, გამოძიებას მივაწოდო ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენმა მედიასაშუალებებმა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ფსკ „დინამოს“ შესახებ მოიპოვეს.
ჩვენ მიერ მოპოვებული მასალები, რბილად რომ ვთქვათ, უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს, რასაც, ვიმედოვნებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესაბამის პასუხს გასცემს.
ამასთან, ზემოაღნიშნული კითხვებით ჩვენ არაერთგზის მივმართეთ კლუბის გენერალურ დირექტორს, ზაქრო ვარაზაშვილს, თუმცა უშედეგოდ“. – აცხადებს ჩუბინიძე.
მისივე თქმით, ეს არაა ერთადერთი საქმე, რაც ზაქრო ვარაზაშვილის მიმართ შესაძლოა გამოძიებას საჭიროებდეს.
ინფორმაციას პორტალი region.ge ავრცელებს და აცხადებს, რომ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოსთან” დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერმანენტულად მიაწვდის.