მთავარიგანათლებანაიბ ასკეროვი: მარნეულის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის საკუთრებაში 8 000კვ.მ მიწაა და...
ნაიბ ასკეროვი: მარნეულის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის საკუთრებაში 8 000კვ.მ მიწაა და თუკი ახალი სკოლის მშენებლობა გადაწყდება, ადგილის პრობლემა არ გვექნება
GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნაიბ ასკეროვი აცხადებს, რომ 2022 წლის აპრილში მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე სკოლაში 6 საკლასო ოთახი და სამასწავლებლო გარემონტდა, ამავე დროს გაკეთდა სამედიცინო ოთახი.
როგორც ასკეროვმა GUARDIANGE-ის ქართულ ენაზე განუცხადა, სკოლა 1926 წელს არის აშენებული და მისი სიძველიდან გამომდინარე, სასურველია ახალი სკოლა აშენდეს.
„მოგეხსენებათ, საქართველოში 800-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია ან მშენებლობა არის დაგეგმილი და თუ ჩვენთანაც აშენდება ახალი სკოლა, ძალიან კარგი იქნება. ეს შენობა, სადაც ახლა ვიმყოფებით, თითქმის საუკუნისაა, 1926 წელს არის აშენებული. ჩემი დირექტორად დანიშვნიდან დღემდე 6 საკლასო ოთახი გავარემონტეთ, ამის გარდა სამასწავლებლოც და სამედიცინო ოთახიც. ახლა, თუ ახალი შენობის აშენება მოხდება, მაშინ დანარჩენი საკლასო ოთახების რემონტისგან თავს შევიკავებდით. მაისში ჩვენი რესურსცენტრის უფროსის, ბატონი ხანალი გახრამანოვის მხრიდან მეტი ინფორმაცია გვექნება ამ საკითხზე და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
„სკოლას საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს მფლობელობაში – 8 000 კვ.მ მიწაა ჩვენს საკუთრებაში და თუკი ახალი სკოლის მშენებლობა გადაწყდება, ადგილის პრობლემა არ გვექნება.
„მშენებლობის პერიოდში არც სხვა სოფლის სკოლაში მოუწევთ ბავშვებს და პედაგოგებს გადასვლა და აქვე, ამ ძველ სკოლაში განაგრძობენ სწავლას. ეს კი ყველასათვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან თავიდან ავიცილებთ ტრანსპორტირების დამატებით ხარჯებს“, – განაცხადა ნაიბ ასკეროვმა.
მისი ინფორმაციით, ულაშლოს საჯარო სკოლაში, წინაში წლებთან შედარებით ბავშვების რაოდენობა შემცირებულია და ამჟამად 80 მოსწავლე ირიცხება, საბაზო სკოლის 9 კლასის დასრულების შემდეგ კი, ისინი მეზობელ სოფლებში – კასუმლოსა ან აღმამედლოში განაგრძობენ სწავლას.
სკოლაში ამჟამად 20 პედაგოგია, მათგან მხოლოდ სამია უსტატუსო, დანარჩენები კი უფროსი მასწავლებლის სტატუსს ფლობენ.
დირექტორის განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წელს, ოქტომბრიდან, ულაშლოს საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტი დაწყებით კლასებში ხორციელდება, მომავალში კი, ბილინგვური სწავლება უფრო გაფართოვდება.
ნაიბ ასკეროვმა მარნეულის სოფელ კასუმლოს სკოლა 2007 წელს დაამთავრა, შემდეგ უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად ბაქოში გაემგზავრა, იქ დაწყებული სწავლა საქართველოში განაგრძო და მარნეულის უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობა 2015 წელს ულაშლოს საჯარო სკოლაში ინფორმატიკის მასწავლებლად დაიწყო, 2017 წლიდან დღემდე კი პარალელურად ინგლისურ ენასაც ასწავლის, ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის აპრილში დაინიშნა.