„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით ჩაერთვება საარჩევნო პროცესში.
ცისკარიშვილს კითხვა დაუსვეს, ხომ არ იქნება მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი?
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სოლიდური რაოდენობაა იმ ადამიანების, რომელთა სურვილიც არის, რომ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი იყოს.
„მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა იმ ადამიანების, თანაპარტიელების, რომლებიც ამ აზრს იზიარებენ. აუცილებლად ნახავთ, როგორ ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში თვითონ გამოაცხადებს, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, ხომ არ მიიღო სააკაშვილმა შეთავაზება პრემიერობის კანდიდატობის შესახებ, პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა:
„შეთავაზების მიღება არასწორი ფორმულირებაა, ის არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, პარტიის ლიდერი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკურ კამპანიაში აქტიურად ჩართვა, არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, ჩვენი პარტიიდან დასახელებული იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.