spot_img
Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოება100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი სასაუბრო...

100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი სასაუბრო დროსთან ერთად 35%-ით ძვირია ვიდრე ევროპის ქვეყნებში

100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი  საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო,  24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა. “ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს – ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს. 

კვლევის მიხედვით მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.  აქვე ვკითხულობთ, რომ  ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტრენდი მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება. ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებებზე, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინში გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.

„ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და  ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა”, – წერია დასკვნაში.

მობილურ მომსახურებებზე ფიზიკური პირი აბონენტებისთვის საქართველოში დაბალი მოცულობის პაკეტები, მაგალითად როგორიცაა 5 გბ. და ულიმიტო წუთები – ევროპულთან შედარებით 1%-ით ძვირია,  5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთის ფასი კი 23%-ით მეტი. მაღალი მოცულობის პაკეტებზე საქართველოში ფასები უფრო მაღალია, კერძოდ, 10 გბ. ინტერნეტი  და 1795 წუთის ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია, ხოლო 20 გბ. ინტერნეტი და ულიმიტო წუთები  24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 36%-ით უფრო ძვირია.

რაც შეეხება იურდიულ პირ აბონენტებს, მათთვის 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი.  ხოლო 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია. 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე.

ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი მდგომარეობა ასეთია –  ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი, 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია. მაღალი სიჩქარის  ფიქსირებულ ინტერნეტზე კი საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ  პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია.  აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ოჯახების საშუალოდ 55% – 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, მათგან 19 ქვეყანაში ოჯახების 40%-ზე მეტი  აღნიშნული სიჩქარის ინტერნეტს იყენებს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს – 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვინაიდან მისი ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136%-ით მაღალია.

რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მაღალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი მოცულობის ოპტიკური ინტერნეტი, სტანდარტულ იურიდიულ შეთავაზებებში ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის.

კომბინირებული შეთავაზებების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ოჯახისთვის, ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება, ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში, ოპერატორების მიერ შეთავაზებული სააქციო ფასები განაპირობებს. უფრო კონკრეტულად, კომბინირებულ შეთავაზებებში აბონენტებისთვის ტელევიზიის 20 არხისა და ოპტიკური 25 მბ/წმ-იანი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტის ღირებულება, 24 ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 43%-ით, ხოლო თბილისში 24%-ით უფრო ნაკლებია. ტელევიზიის 30 არხისა და 100 მბ/წმ-იანი მაღალი სიჩქარის ოპტიკური ინტერნეტ პაკეტი კი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 35%-ით, ხოლო თბილისში 30%-ით ძვირია.

კვლევა  ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა (Teligen, TechInsights) საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განახორციელა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ არის შემუშავებული.  სწორედ ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად, გამოყენებულია ორი მსხვილი ოპერატორის, “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მომსახურებების ფასები, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები ფლობენ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს და მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტს. კვლევაში გამოყენებული მონაცემები კი, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში არსებული შეთავაზებებიდან, ყველაზე დაბალ ფასიანს ასახავს. ფასები მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამისად არის დაანგარიშებული და წარმოდგენილია დოლარში.

ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები