spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკარომან გოცირიძე: პარლამენტში მორიგი კანონპროექტი დავარეგისტრირეთ, საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და დროულ ცვლილებას...

რომან გოცირიძე: პარლამენტში მორიგი კანონპროექტი დავარეგისტრირეთ, საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და დროულ ცვლილებას საჭიროებს

საპარლამენტო პოლიტიკურმა  ჯგუფმა „ევროოპტიმისტებმა“ მორიგი კანონპროექტი დავარეგისტრირეთ. საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და დროულ ცვლილებას საჭიროებს.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების და გადასახადისათვის თავის არიდების სფეროში ჩადენილი დანაშაულის შემსუბუქებას. განვიხილოთ ცალ-ცალკე თუ რას ეხება ცვლილებები:

  1. დღეს მოქმედი კანონის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში პასუხისმგებლობას ამძიმებს ისეთი ქმედება, რომელიც გულისხმობს 150 ლარზე მეტი ღირებულების ნივთებთან დაკავშირებულ დანაშაულს. ანუ, 150 ლარზე მეტი ღირებულების ქონების მითვისების შემთხვევაში ადამიანს შეიძლება მიესაჯოს პატიმრობა, თანაც სამ წლამდე ვადით. ეს ნორმა 2006 წელს ამოქმედდა და ამის შემდეგ არ შეცვლილა.  ამ დროის განმავლობაში ფასები ისე შეიცვალა და ლარიც იმდენად გაუფასურდა,  რომ დღეს ადამიანის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო თითქმის ოცი წლის წინანდელი კრიტერიუმით, საღ აზრს არის მოკლებული.
  2. კიდევ უფრო საგანგაშოა მდგომარეობა, როცა საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დეფინიციას ეხება. პირის პასუხისმგებლობას ამძიმებს ქმედება, რომელიც უკავშირდება 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მქონე საქონელთან დაკავშირებულ დანაშაულს. ამ შემთხვევადი ადამიანს ემუქრება რვა წლამდე პატიმრობა. ეს ნორმა 1999 წელს ამოქმედდა და ამის შემდგომ არ შეცვლილა.

ჩვენი კანონონპროექტების თანახმად, 150 ლარის ტოლი ზღვარი შეიცვლება და გახდება 350 ლარი, ხოლო 10 000-ლარიანი ზღვარი გაიზრდება და გაუტოლდება 25 000 ლარს.

აღნიშნულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ფასების დონე 2022 წელს გაზრდილია დაახლოებით 225%-ით 1999 წელთან შედარებით, ხოლო 124%-ით 2006 წელთან შედარებით. მიუხედავად ამისა, სასამართლო, შესაბამისი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ბრალდებულებს ისევ მოძველებული, 1999 წლის და 2006 წლის კრიტერიუმებით ასამართლებს. ვინაიდან ეს ოდენობა დღეს ბევრად ნაკლებია მსყიდველობითუნარიანობით, ვიდრე მაშინ, აუცილებელია, მოხდეს კოდექსის ზღვრების გადახედვა და მათი პროპორციული გაზრდა ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

  1. შეგვაქვს ასევე ცვლილება საგადასახადო კოდექსშიც. დღეს მოქმედებს 100 000 ლარიანი ზღვარი, რომელზე მეტი ოდენობით პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება მიიჩნევა გადასახადისთვის დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სამიდან ხუთ წლამდე. ეს ზღვარი, იგივე გარემოებათა გამო (ლარის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება, ლარის გაუფასურება)  უნდა გაიზარდოს და გახდეს  150 000 ლარის ტოლი.
  2. ჩვენი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ასევე შეიცვლება სისხლის სამართლის კოდექსში გადასახადისათვის თავის არიდების, როგორც დანაშაულის შემადგენლობის კრიტერიუმები და პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 150 000 ლარზე მეტი ოდენობის მქონე გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 100 000-ლარიანი ზღვრისა. აღსანიშნავია, რომ 150 000 ლარის ქვემოთ არსებული გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, თუმცა მას არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  3. არსებული რედაქციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. განსაკუთრებით დიდ ოდენობად კი, დღევანდელი რედაქციით, ითვლება მდგომარეობა, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება 150 000 ლარს. ჩვენი ინიციატივით, აღნიშნული 150 000-ლარიანი ზღვარი იზრდება 225 000 ლარამდე. ამ კანონის მიღებამდე 150 000 ლარის ზევით სანქციად თუ გამოიყენებოდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, კანონის მიღების შემდეგ, 225 000 ლარამდე უკვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ პატიმრობა, არამედ ჯარიმაც.

როდესაც საქონლის ღირებულება არის განმსაზღვრელი, დაისაჯოს ადამიანი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი წესით, ჯარიმა იქნას გამოყენებული თუ ციხე და ღირებულებით საზომად გამოყენებულია მეოთხედი საუკუნის წინანდელი ფასების დონე, ასეთი მდგომარეობა არ შეიძლება იყოს ადეკვატური და სამართლიანი. დღევანდელი, გაუფასურებული 150 ლარის გამო ადამიანს რომ არ უნდა იჭერდნენ, არა მგონია, რომ დიდი მტკიცება სჭირდებოდეს.

მსგავსი შინაარსის, ოღონდ სხვა საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩემ მიერ წარდგენილი იქნა 2019 წელს. იგი ჩააგდო საპარლამენტო უმრავლესობამ, მაგრამ ზუსტად იგივე კანონი მიიღო უკვე უმრავლესობის სახელით 6 თვის შემდეგ, როგორსაც ჩემი ინიციატივა წარმოადგენდა. მაშინაც არაადეკვატურად მძიმე იყო სასჯელები.

ვნახოთ, რა ბედი ეწევა ამ ინიციატივას, როგორ მოიქცევა საპარლამენტო უმრავლესობა“, – წერს საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.

ბოლო სიახლეები