spot_img
Saturday, December 28, 2024
1.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოება89 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით. 1953 წელს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (რუს. ВГИК), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო.

1962 წელს დგამს მცირემეტრაჟიან ფილმს „აპრილი“, ხოლო 1964 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი“, რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე. უკვე ამ ფილმებში გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური სტილი, რომელიც აშკარა იყო მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გიორგობისთვე“ (1966). ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, ხოლო 1976 წელს კი რეჟისორმა დადგა „პასტორალი“, რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.

1984 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც გადაიღო დოკუმენტური და მცირემეტრაჟიანი ფილმები: 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.

2022 წლის 9 დეკემბერს, იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა.

ბოლო სიახლეები