spot_img
Friday, December 27, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებაკახა კალაძემ  თბილისის მერიის  საქმიანობის  2023 წლის ანგარიში წარადგინა 

კახა კალაძემ  თბილისის მერიის  საქმიანობის  2023 წლის ანგარიში წარადგინა 

დედაქალაქის მერმა, კახა  კალაძემ თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. 

კახა კალაძემ მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიის მიერ ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ  ყველა პროექტზე დაწვრილებით ისაუბრა. 

„მინდა, გაგაცნოთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა გავაკეთეთ მიმდინარე წელს. 2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი  825 000 კვ. მეტრს შეადგენს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი, ხიდი, დამატებით მოეწყო 22 ახალი ქუჩა, კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 26 ქუჩაზე, ორმოული შეკეთების სამუშაოები კი – 742 ობიექტზე. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ფინანსური ხარჯი შეადგენს – 100 მილიონზე მეტ  ლარს.

გარდა ამისა, 26 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად (58 შენობა-ნაგებობა). საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის კი, მიმდინარე წელს დაიხარჯა 33  მილიონი ლარი .

მათ შორის, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარმოადგენს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები; დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია; მდინარე მტკვარზე მდებარე „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2023 წელს თბილისის მერიის მიერ 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. ჯამში, დაირგო 114 730 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 207 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ამავე ფართობზე დაითესა და დაირგო ბალახის საფარი. დედაქალაქის მასშტაბით, დაირგო 390 000 სეზონური ყვავილი. თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე, განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის 16 776 ნერგი და მომავალი 4 წელი განხორციელდება მათი მოვლა-პატრონობა.

  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში, ჯამში, დაფინანსდა 1750 განაცხადი, რაზეც 45 მლნ ლარი დაიხარჯა. ჯანდაცვის პროგრამებში   ჯამურად  81 740 000 ლარი დაიხარჯა, რაიონული გამგეობების დონეზე – დაკმაყოფილდა ბენეფიციართა 30 000 მდე განაცხადი   ერთჯერადი ფინანსური დახმარების თაობაზე  (თანხა – 5 933 350 ლარი); 33 000  ბენეფიციარმა  მიიღო მედიკამენტების დაფინანსება (თანხა 5 062 000ლარი); 

სპორტის მიმართულებით 2023 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა 240 სპორტული ღონისძიება, განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობა მიიღო 78 000-მდე ბენეფიციარმა. წლის განმავლობაში დაფინანსდა 34 სპორტული ორგანიზაცია და ფედერაცია სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შესაძენად, ინვენტარით და ეკიპირებით სარგებლობს 6 524 ბენეფიციარი. 

2023 წელს სამსახურის მიერ განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ სპორტულ ცენტრებში სპორტული მედიცინის დანერგვის საპილოტე პროგრამა, რაც გულისხმობს სპორტში ჩართული ბენეფიციარების კომპლექსურ  სამედიცინო შემოწმება/სკრინინგს და ეს ყველაფერი არის უფასო ახალგაზრდებისთვის.  

2022 წელს დაიწყო და წარმატებით გრძელდება პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“. პროგრამის ფარგლებში, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 1 000-ზე მეტი მოქალაქე უსასყიდლოდ სარგებლობს საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით. პროგრამაში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზები. 

დასრულების ეტაპზეა მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში, ასევე მიმდინარეობს დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა ამისა:

  • 2023 წელს დასრულდა ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლება მე-2 მიკრორაიონი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N41-ის მიმდებარედ და ლიბანის ქუჩა N11-ის მიმდებარედ სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები; სკეიტ მოედნები დიდი პოპულარობით სარგებლოს ბოლო წლების განმავლობაში. მთლიანად სავსეა ახალგაზრდებით. 
  • მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მკ/რ-ში ღია ტიპის სკეიტ-მოედნების სამშენებლო სამუშაოები, ასევე, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის და ვაზისუბნის დასახლებაში ფეხბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები;
  • ასევე, დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის ქუჩა N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები;
  • სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხუთ სპორტულ ცენტრს და  ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი.
  • მიმდინარეობს სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2024 წელს, ასევე, გუმათჰესის ქ. N1 (ს/კ01.19.23.013.071) მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

2023 წელს წელს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია სპორტულ დაწესებულებებში მომუშავე სპორტის სხვადასხვა სახეობის 350 მწვრთნელს, რომლებიც სპორტის 49 სახეობაში ავარჯიშებენ მოზარდებს.

სპორტის 32 სახეობაში ყოველთვიურად ფინანსდება 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა ჩემპიონატში გამარჯვებული 250 წარმატებული სპორტსმენი 

2023 წელს განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით გაგრძელდა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება ახალგაზრდებისთვის. 

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 617  მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა.

გრძელდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება „ისწავლე, დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე  ახალი მიმართულება. 2023 წელს 60-ზე მეტ პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2500-მდე მოქალაქე. ჩვენ გვაქვს სრული მონაცემები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით სჭირდება ბიზნესსექტორს გამოცდილი და კვალიფიცირებული კადრები და ზუსტად ამ მიმართულებით ვცდილობთ გადავამზადოთ კადრები. 

ახალგაზრდების ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დასვენების, რეკრეაციისა და გართობის მიზნით, ხორციელდება საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები და ფესტივალები. საზაფხულო პროგრამების ფარგლებში, 6 000-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო მათთვის საინტერესო აქტივობებში (ლაშქრობები და საველე ბანაკები, საჯომარდო ტურები, ველო ტურები, კარტინგები, საცურაო აუზები), ხოლო მასშტაბური თემატური ფესტივალების განხორციელებაში (ციფრული ფესტივალები, თბილისის სტუდენტური ფესტივალი, ქუჩის ხელოვნების ფესტივალები, ღია ცის ქვეშ ახალგაზრდული ფესტივალები სხვადასხვა უბანში), რომელშიც 30 000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა სხვადასხვა ფორმით.

მუნიციპალური სერვისების ხარისხის, სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის განვითარება. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომლის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც იქნება რეაბილიტირებული.  რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დასრულება იგეგმება 2024 წელს. 

კულტურის პროგრამებისა და პროექტების მიმართულებით, „კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პერიოდისათვის დაფინანსდა 260-მდე პროექტი, მათ შორის: 20 მაღალი სახელმწიფო და  საზოგადოებრივი  მნიშნვნელობის,  40-ზე  მეტი სპექტაკლი, 50-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ფესტივალი, 130-მდე საიუბილეო და შემოქმედებითი, 20 ეთნიკური უმცირესობების მიმართულების, გაცვლით, საკონკურსო და სხვა ტიპის პროექტი. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, მოხდა „სტრიტ არტის“ მიმართულების პროექტებისათვის განაცხადების დამოუკიდებლად მიღება, შესაბამისი კრიტერიუმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ მიმართულებით დაფინანსდა 2 ფესტივალი და 4 შედარებით მცირე ზომის პროექტი.

კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ მიმდინარე წელს, ტრადიციულად, ორ ეტაპად განხორციელდა. კონკურსის ფარგლებში, არსებულ ოთხ მიმართულებას წელს გამოეყო მედიაარტი და ამ მიმართულებით დაფინანსდა 17 პროექტი. 

კონკურსის დანარჩენ სამ მიმართულებაში – საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება –  წლის განმავლობაში დაფინანსდა 41 პროექტი.

„ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების“ მიმართულებით დაფინანსდა 15 პროექტი, როგორც სახელოვნებო, ასევე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო კომპონენტებით. ამასთან, დაფინანსდა უსინათლოთა პერიოდული ჟურნალი „სინათლის“ გამოცემა.

მიმდინარე წელს დედაქალაქის მასშტაბით, კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სახის ინფრასტრუქტურული პროექტები:

  • მიმდინარეობს ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2024 წელს. 
  • 20-ზე მეტი სკოლისთვის შეძენილია სხვადასხვა ინვენტარი და ინსტრუმენტი.
  • 10 ხელოვნების სკოლაში განხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაოები.
  • მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის და მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმების სრული რეაბილიტაცია, რომელიც 2022 წელს დაიწყო და 2024 წლისთვის დასრულდება.
  • მიმდინარეობს სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმისათვის გამოყოფილი ფართის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც 2024 წლისთვის დასრულდება.
  • მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში კეთილმოეწყო 16 საფლავი.
  • განხორციელდა ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ N18 ფილიალის (მის.: ქ. თბილისი, გლდანი, VIII მ/რ, კორპ. 23) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სრული აღჭურვა – პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 379 697.00 ლარს.
  • განხორციელდა ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ N6 ფილიალის (მის: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, გრ. რობაქიძის გამზ. პირველი კვარტალი, 3ბ კორპუსი) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სრული აღჭურვა-პროექტის ბიუჯეტი – 779 957.70 ლარი.
  • მიმდინარე წლის მარტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ საჯარო ხელოვნების ფონდი, რომლის მიზანია, თანამედროვე ხელოვნების და არტისტების პოპულარიზაცია, გამოფენებისა და სხვადასხვა პროექტების განხორციელების მეშვეობით ქართველ ხელოვანთა მხარდაჭერა და მათი შემოქმედებითი ზრდის წახალისება; საჯარო სივრცეებში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შექმნა; ღია კონკურსების მეშვეობით სახელოვნებო სფეროში სახელოვნებო და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება.
  • ამ ეტაპისთვის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა 2 პროექტი: ავლაბრის მეტროს მიმდებარედ ინსტალაცია – ,,RESISTANCE“ და 300 არაგველის მეტროს შიდა ტერიტორიაზე -,,ქართული ორნამენტი“. ხოლო მიმდინარე პროექტებია – გობრონიძის ქუჩაზე ინსტალაცია სახელწოდებით „ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია“ და ზაარბრიუკენის მოედანზე – ინსტალაცია ,,ქსელი“.
  • შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლების ფარგლებში, 2023 წელს 26 ერთეული სპეცმანქანა იქნა შესყიდული, საერთო ღირებულებით – 9 288 638 ლარი.
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, 2024 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება 65 ერთეული სპეცმანქანის მოწოდება, აქედან 2 ერთეული სპეცტექნიკა უკვე შემოსულია. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 9 564 750 ევროს შეადგენს.
  • აგრეთვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2024 წლის პირველ კვარტალში, ხოლო დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2024 წლის მესამე კვარტალში.
  • წელსვე ბოჭორმის ქუჩაზე დამონტაჟდა 23 ერთეული მიწისქვეშა ურნა, ღირებულება – 988 080 ლარი; წერეთლის გამზირზე მიწისქვეშა კონტეინერების სისტემის მოწყობა დაიწყო, რისთვისაც შესყიდულია 200 ერთეული ურნა, საერთო თანხით 9 700 000 ლარი.
  • მიმდინარე წელს, ქალაქის მასშტაბით, საერთო ჯამში 3920 ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდა, რისთვისაც 2 053 349 ლარი დაიხარჯა. ასევე, წლის ბოლოსთვის განთავსდება 2 000 ერთეული კონტეინერი, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2 172 000 ლარი.
  • ქუჩებისა და მოედნების დაგვა-დასუფთავება ხორციელდება 12 340 951 კვ.მ ფართობზე, შიდა კვარტალური ქუჩებისა და ეზოების დასუფთავების სამუშაოები – 5 508 017 კვ.მ-ზე, სკვერების დასუფთავება – 3 601 896 კვ.მ ფართობზე, ხევებისა და ფერდობების დასუფთავება – 2 001 200 კვ.მ-ზე, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავების სამუშაოები – 12 930 კვ.მ-ზე. წელს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე 455 629.6 ტონა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი განთავსდა.
  • დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე წელს გარე განათების ახალი ქსელის მოწყობის ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე საერთო ჯამში დამონტაჟდა – 1105 ერთეული ბოძი, 28 ცალი „ბაბლთაუერი“, 3020 სანათი, 43 000 გრძივი მეტრი სადენი. გზების რეაბილიტაციის ფარგლებში, გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო: უნივერსიტეტის ქუჩაზე, კრწანისის ქუჩაზე, ეშბას ქუჩისა და მახათას აღმართის დამაკავშირებელ გზაზე, ჯავახეთის ქუჩაზე. განათების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს მიცკევიჩის ქუჩაზე, სადაც სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
  • თბილისის მასშტაბით, 2023 წელს დაიხაზა 79 504.72  კვ.მ.  სულ ღირებულებამ შეადგინა 10 245 838 ლარი. მათ შორის (უნივერსიტეტის ქუჩა – 2350 გრძ/მ, კრწანისის ქუჩა – 1060 გრძ/მ, გორგასლის ქუჩა – 2400 გრძ/მ, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩა – 3200 გრძ/მ). რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან და N51 საჯარო სკოლის მხარეს არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელ-ამოსასვლელებს, პროექტის ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს. ასევე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაწყებულია ხის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის შესრულებულია სადემონტაჟო სამუშაოები. 2024 წლის დასაწყისში იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
  • საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დამონტაჟდა 31 ახალი შუქნიშანი. 
  • აქტიურად აგრძელებს მუშაობას ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ დაუმთავრებელი მშენებლობების ფარგლებში დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების  და მათთვის შესაბამისი საცხოვრისი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

2018 წლიდან დღემდე განხორციელდა  60-ზე მეტი  სამშენებლო ობიექტის პრობლემატიკის შესწავლა და შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებების განსაზღვრა, რომლის ფარგლებშიც 12 000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახი მიიღებს კუთვნილ საცხოვრებელ ფართს.

მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შპს ,,ათორის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების დაუმთავრებელ მშენებლობების დასრულებისა და ამ მშენებლობების ფარგლებში 300-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილების მიზნით. უკვე  მიღებულია გადაწყვეტილებები დაზარალებულ პირთა მიმართ ვალდებულებების შესრულებისთვის  შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრისთვის. აღნიშნული ღონისძიებები 2023 წლის დეკემბერში შეთანხმდება ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოსთან. 

  • ურბანული  წესრიგის  დაცვა, სამშენებლო  საქმიანობის  კონტროლი და ზედამხედველობა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.  მიმდინარე წლის   განმავლობაში  1 108   სამშენებლო  სამართადარღვევის საქმე იქნა შესაწავლილი და  შესაბამისი  დაჯარიმების დადგენილება   გამოიცა,   საჯარიმო   სანქციების ჯამურმა თანხამ  შეადგინა 20 801 000 ლარი, ასევე უნებართვო მშენებლობაზე  და  უსაფრთხოების  წესების დარღვევაზე შეჩერებულ იქნა  398   მშენებლობა,  განხორციელდა  60-ზე მეტი   უკანონოდ   აშენებული შენობის დემონტაჟი.
  • გამკაცრდა  და პერიოდული  მონიტორინგი მიმდინარეობს, ასევე, ქალაქის  იერსახის  დამახინჯების, გარემოს  ნარჩენებით დანაგვიანების,  ჰაერის სამშენებლო  მტვრით დაბინძურების და მწვანე ნარგავების დაზიანების  წინააღმდეგ,  აკუსტიკური ხმაურის,  გარე  ვაჭრობისა  და   გარე   რეკლამის კუთხით.  მიმდინარე  წლის  განმავლობაში  გამოვლენილია  5 400-ზე მეტი   სამართალდარღვევა და გატარებულია შესაბამისი   ღონისძიებები, საერთო  ჯამში  ამ მიმართულებით  დაკისრებულია  6 071 040  ლარი  საჯარიმო სანქცია და თითოეულ მათგანს დაევალათ სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორება.

პრიორიტეტული მიმართულება იყო სამშენებლო  ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება.  წლების   განმავლობაში   პრობლემას   წარმოადგენდა  გარკვეული სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, სხვადასხვა ტიპის  არქიტექტურული დარღვევების და დარჩენილი მცირე სამშენებლო  სამუშაოების გამო.  ყოველივე აღნიშნულით ზარალდებოდა მოქალაქეების ინტერესები, რომლებმაც შეიძინეს უძრავი ქონება ამ ობიექტებში,  ვინაიდან ექსპლუატაციის მიღების  გარეშე  ქონება  უფლებრივად  სრულყოფილი არ არის, ასევე ექსპლუატაციის მიღების გარეშე მრავალბინიან საცხოვრებელში  ვერ იქმნებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, რაც აფერხებდა მათ მუნიციპალურ   პროგრამებში  ჩართვას. თბილისის მერიის ინიციატივით შემუშავდა მასშტაბური პროექტი და  საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლით განისაზღვრა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ზემოაღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციაში  მიღების დროებითი წესი.  აღნიშნული წესის  ფარგლებში, 2  წლის  განმავლობაში  საერთო  ჯამში  შემოსულია  ექსპლუატაციაში მიღებაზე  1858 სამშენებლო ობიექტი, უკვე  მიღებულია  600-მდე სამშენებლო ობიექტი, დამატებით  შესწავლის პროცესშია  1000-ზე მეტი სამშენებლო ობიექტი. პროექტის  დასრულების  შემდეგ   50 000-ზე  მეტი  მესაკუთრე მიიღებს უფლებრივად  უნაკლო ქონებას. 

გარდა დროებითი წესით მიღებული ობიექტებისა, 2023 წელს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში   მიღებაზე შემოსულია 1324 განცხადება, ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა – 711,  უარი ეთქვა – 276, შესწავლის პროცესშია – 292 განცხადება.

  • თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის  საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გასულ წელს შემდგარი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა/მოდერნიზაციას ისახავს მიზნად, დასრულდა კვლევითი სამუშაოები. 2024 წლიდან დაიწყება საბოლოო დიზაინის შემუშავება და შემდგომ, ეტაპობრივი შესყიდვების და დანერგვის სამუშაოების განხორციელება საერთაშორისო კონსულტანტების მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც მოხმარდება თბილისისათვის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების (ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, კამერები, დეტექტორები, ერთიანი ქალაქის მართვის პლატფორმა და მართვის ცენტრი)  შესყიდვასა და დანერგვას. დაგეგმილი აქტივობების შედეგად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის, მათ შორის, საცობების რეალურ დროში მართვის შესაძლებლობა, დაინერგება შუქნიშნებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გადაუდებელი დახმარების მანქანების ავტომატური პრიორიტეტიზაციის სისტემა, მოხდება ჰაერის დაბინძურების შემცირება საგზაო ნაკადების ეფექტურად მართვის გზით. პროექტის დასრულება იგეგმება 2026 წელს.  
  • აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 
  • პროექტის განხორციელებით შერჩეული მეტროსადგურები სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, იქნება მეტად უსაფრთხო და უნივერსალურად ხელმისაწვდომი, მათ შორის შეზღუდული მობილობის და შშმ პირთათვის, რაც დამატებით წაახალისებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას და მდგრად მობილობას დედაქალაქის მასშტაბით. მომზადდება შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია მ/ს მარჯანიშვილის და მ/ს ახმეტელის თეატრის მეორე ამოსასვლელებისთვის. 
  • სრულდება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტის „თბილისის სუპერბლოკები“ კონცეპტუალური ეტაპი, რომლის შემდგომ აღნიშნული პროექტი გადავა დეტალური დიზაინის ეტაპზე, შერჩეული საპილოტე არეალებისათვის.
  • დასრულდა თბილისის ტრანსპორტის გეგმაზე მუშაობა. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია ,,რამბოლის“ მონაწილეობით შეიქმნა თბილისის სატრანსპორტო გეგმა, რომელიც ქალაქის სხვადასხვა რაიონების სატრანსპორტო საჭიროებებს ეყრდნობა და საქალაქო მობილობის გაუმჯობესებისათვის საჭირო მიგდომებსა და ღონისძიებების 20-წლიან გეგმას  გვთავაზობს.
  • თბილისის მუნიციპალიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით (EBRD) , თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, ახორციელებს  ავტობუსის რეფორმის მხარდაჭერის პროექტს. კერძოდ, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “Mott Macdonald-თან ერთად მზადდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მარშრუტების დაგეგმვის პროგრამის/მოდულის სპეციფიკაციები, ტექნიკური ანგარიშები თბილისის ავტობუსების ქსელის შემდგომ განვითარებაზე, დიდ დიღომს და ქალაქის ცენტრს შორის, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ახალი კავშირების განვითარებაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რუკები და სქემები.
  • მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ITP მუშაობს თბილისის ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირების“ პროექტზე. პროექტის  ფარგლებში ვითარდება რკინიგზის სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩების დამაკავშირებელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე ხიდის კონცეფცია, ისევე როგორც სადგურის მოედნის განახლების კონცეფცია. საპროექტო ხიდი გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, ძირითადი თბილისის საავტობუსო ქსელის (TBT), მაშრუტების კავშირს სადგურის მოედნის სატრანსპორტო კვანძთან და შეამცირებს მოცდის დროს. 
  •  2019 წელს  განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა (მეტრო, ავტობუსი), ხოლო  ეს რიცხვი 2023 წელს გაიზარდა 390 მილიონამდე (მეტრო, ავტობუსი, ბაგების საბაგირო). ასევე, 4.5-ჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით მიკროავტობუსებში მგზავრობა და 20 მილიონიდან 84 მილიონ მგზავრობამდე ავიდა. 
  • წინა წელს დავიწყეთ უპრეცედენტო პროგრამა უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემა სარგებლობის უფლებით. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შევისყიდეთ 94 ბინა. სწორედ ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან გახარჯულია  8 159 513  ლარი. 
  • 2023 წელს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 181 ოჯახს. (2017 წლიდან დღემდე კი , საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 2790 ოჯახს) 
  • 2023 წელს თბილისის მერიამ დაიწყო 8 ახალი სამშენებლო პროექტი (გამოცხადდა 8 ინტერესთა გამოხატვა) კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით. 
  •  ასევე, 2023 წელს  დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული დაახლოებით 620 პირი.
  •  ასევე, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, თბილისის მერიის მიერ ჯამში უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული დაახლოებით 2350 პირი (წელს დაკმაყოფილებული 620 პირის ჩათვლით).
  • 2023 წელს ასევე განხორციელდა ვარკეთილის დასახლება III მასივში არსებული 2 ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროგრამა. პროექტის ფარგლებში ახალი ბინები და რემონტისთვის საჭირო თანხა ჯამურად 624 910 ლარი, გადაეცემა 41 ოჯახს.  
  • 2023 წელს თბილისის განვითარების ფონდმა მშენებლობის მართვის მიმართულებით განკარგა ორმოც მილიონ ლარამდე. ზემოხსენებულ პერიოდში დასრულდა გუდიაშვილის მოედნის სრული რაბილიტაცია და  ასამდე ოჯახს დაუბრუნდა სრულიად რაბილიტირებული სახლები. თბილისის მასშტაბით ამჟამად მიმდინარეობს სხვადასხვა ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია,  როგორიცაა: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, აბრეშუმის მუზეუმი, კადეტთა კორპუსი, წინამძღვრიშვილის N1, ერეკლეს ქ. # 6 და სხვა, რიგი მათგანის სამუშაოები გაგრძელდება მომავალ წელსაც. 2024 წელს დაგეგმილია ნარიყალას ციხის და დარეჯანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ბიუჯეტი შეადგენს 7 934 558 ლარს. ასევე, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 31 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მხატვრულ/დეკორატიული მინათებით, სავარაუდო ბიუჯეტით 60 მილიონი ლარი.
  •  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება, ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2022 წლიდან ჩვენ აქტიურად შევუდექით ამ პროექტზე მუშაობას და დღეს უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წარმატებით მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამა. ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში ათვისებულია 2 230 750 ლარი. პირველი საპილოტე პროექტი სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლება, კვარტალი 7, კორპუსი 12-ში ხორციელდება, სადაც ავარიული 4 სართულიანი შენობის ნაცვლად, ახალი  საცხოვრებელი სახლი აშენდება. სამშენებლო პროცესი აქტიურ ფაზაშია, დასრულებულია მე-6 სართულამდე კედლების მოჩარჩოება, მე-8 სართულზე კი მიმდინარეობს გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები. ასევე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კალოუბნის ქუჩა N18-ში, სადაც არსებული 3 სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა. საბურთალოს რაიონში კი სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც უახლოეს მომავალში სამშენებლო მოედნის მოწყობის სამუშაოებს დაიწყებს. 

 

  •  ავარიული შენობების ჩანაცვლების კუთხით დეკემბრის თვეში დაგეგმილია სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლება, მე-3 მასივი, მე-4 კვარტალი კორპუსი N6-ში. 2024 წლისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება აქტიურ ფაზაშია 12 მისამართზე, ხოლო წლის ბოლომდე კი დამატებით 8 (რვა) მისამართზე გამოცხადდება ტენდერი.
  • 2023 წლის განმავლობაში აზომვის სამუშაოები განხორციელდა ორმოცამდე მისამართზე, ხოლო პროექტის ფარგლებში ჯამურად დაახლოებით 100-მდე მისამართიდან ფიქსირდება მომართვიანობა და თითოეულ მათგანზე მიმდინარეობს მესაკუთრეების მოთხოვნისა და რეგისტრირებული მონაცემების შესწავლა.
  • მომავალი წლიდან კი დაგეგმილია ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტის მასშტაბების ზრდა.

 

ბოლო სიახლეები