spot_img
Wednesday, December 25, 2024
1.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვასაქართველოს თავდაცვის ძალებს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული რადარები გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული რადარები გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა. ვაზიანის სასროლეთზე გამართულ საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ. 

სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ამერიკული წარმოების სახმელეთო სათვალთვალო რადარების შესაძლებლობები და ტაქტიკური-ტექნიკური მახსასიათებლები გააცნეს. სტუმრები WARMATE-ის და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენებს დაესწრნენ, ასევე, სტაციონარული და მობილური სახმელეთო რადარების, სადაზვერვო დამრტყმელი კვადროკოპტერებისა და ბარაჟირებადი (კამიკაძე) უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდის პროცესს დააკვირდნენ. 

უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პროცესზე შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ მუშაობს. აღნიშნული პროექტი დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. პარალელურად, „დელტა-ვებე“-ს ბაზაზე შექმნილ ტრენინგ ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს დრონების ოპერატორების მომზადებისა და გადამზადების პროცესი. 

მრავალფუნქციური სარადარო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები თავდაცვის ძალების განვითარების 2030 გეგმის შესაბამისად გადაეცა. აღნიშნული ტექნიკა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას.

ბოლო სიახლეები