spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებაკახა კალაძე: 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50...

კახა კალაძე: 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში

18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ავტობუსში დასამონტაჟებელია გარკვეული ტექნიკური დეტალები, რის შემდეგაც, იანვრის ბოლოს დავიწყებთ ამ ავტობუსების ხაზებზე გაშვებას. რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება, თუ რა მარშრუტებზე იმოძრავებს ეს ავტობუსები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში. დღეს გვაქვს პრობლემა და ეს გამოწვეულია, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რადგან ავტობუსი რომ გაჩერებაზე აგვიანებს, იქ თავს იყრის უფრო მეტი ადამიანი და ამას უკვე ჯაჭვური რეაქცია აქვს. როდესაც დავამთავრებთ ამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ეს პრობლემა მოხსნილი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების სრულად შემოსვლამდე აშენდება ახალი ავტობაზაც.

„ეს ავტობუსები დროებით განთავსდებიან დიდ დიღომში არსებულ ავტობაზაზე. გარდა ამისა, მიმდინარეობს კონკრეტულად 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის განკუთვნილი ავტობაზის მშენებლობა. როდესაც აღნიშნული სამუშაოები დასრულდება, 18-მეტრიანი ავტობუსები ამ ახალ ავტობაზაზე განთავსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე – N301, N302, N308 და N314 ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 22 ნოემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„რაც შეეხება გამოთავისუფლებულ 12-მეტრიან ავტობუსებს, ისინი დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 305, 307, 309, 310, 311, 313, 315, 319, 320, 321, 323, 326, 336, 339, 351, 370, 372, 381, 385, 388 და 393. აღნიშნულ მარშრუტებზე დღიურად, ჯამში, 212 167 მგზავრობა ფიქსირდება, რაც ქალაქში ავტობუსით მგზავრობის საერთო რაოდენობის თითქმის 50%-ს შეადგენს.

ამასთან, N387 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 12-მეტრიანებით, რის შედეგადაც გამტარუნარიანობა გაიზრდება 70%-ით, ხოლო N293 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსების ჩანაცვლებით, შემცირდება მოლოდინის დრო და  გამტარუნარიანობა გაიზრდება 155%-ით.

160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა და სატრანსპორტო სქემით დადგენილი 10 ძირითადი დერეფნის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ბოლო სიახლეები