spot_img
Wednesday, December 25, 2024
7.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკალევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ძველი და ახალი წევრი წარადგინა

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ძველი და ახალი წევრი წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ადამიანი დაემატება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამარჯვების კოალიციის „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, ვგულისხმობ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, რომელმაც თქვა, რომ ის ჩაერთვება პოლიტსაბჭოს ფორმირებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას. ცხადია, მანიფესტის შესაბამისად, ვგულისხმობ, რომ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ივანიშვილის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ის, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, მივიღოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამ იდეალებს, 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეალებს ვინც იზიარებს, იმ ადამიანებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს კარი არის ღია. მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც დაემატებიან პოლიტსაბჭოს.

ბევრი ვიმუშავეთ ერთმანეთთან და, მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს წევრები, რომლებიც ირიცხებოდნენ წინა პოლიტიკურ საბჭოში და ამ პოლიტსაბჭოს არ წარმოადგენდნენ, დღეიდან ეს ადამიანები იქნებიან პოლიტიკური საბჭოს წევრები და ცხარე დისკუსია გაგრძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ასევე, არიან ახალი ადამიანები, რომლებიც პირველად შემოდგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ოჯახში ფეხს.  ესენი არიან:

ეკა წამალაშვილი;
გია ჭანტურია;
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი;
გიგი კუბლაშვილი;
სევდია უგრეხელიძე;
ნიკა ჭურაძე;
მაია ჯავახიშვილი;
მერაბ ჯანელიძე;
ალექსანდრე კრევო-ასათიანი;
ვანო პეტრიაშვილი;
ნატალია მჭედლიშვილი;
ბესო ქათამაძე;
მამუკა ყურაშვილი;
იგორ ნარმანია;
ალიკა კუპრავა;
ლევან ფერაძე;
ბაკურ მგელაძე;
თემურ ცამციშვილი;
ნიკა ობოლაძე;
ირაკლი გიორგობიანი.

20 ადამიანი დაემატება „ნაციონალური  მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მანამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თავმჯდომარის პოსტიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვეს.

„სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადაიდგა მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობას და მის გაძლიერებას, რამაც პარტიაში გამოიწვია მძიმე პოლიტიკური კრიზისი. მოახლოებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისა და ერთიანი ძალებით მოქმედებისათვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე. კერძოდ: 1. დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული წესით შექმნილ პოლიტსაბჭოს და შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები მმართველი ორგანო ე.წ. „თანხმობის საბჭო“ (და არა საკონსულტაციო საბჭო), რომლის უფლებამოსილებებში გაერთიანდება პარტიაში მოქმედი პოლიტსაბჭოს, სამდივნოსა და თავმჯდომარის უფლებამოსილებები; 2. „თანხმობის საბჭო“ დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ლეგიტიმაციით; 3. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნეს პარტიის ყრილობა, რომელზეც მოხდება „საბჭოს“ დამტკიცება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა პარტიის წესდებაში, როგორც დროებითი ღონისძიება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

უფრო ადრე, 28 ნოემბერს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა განცხადებები გაავრცელეს, სადაც პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვეს.

დღეს ამ მოთხოვნას მარნეულის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ.

ბოლო სიახლეები