spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლება გიორგი ამილახვარი: 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ხელფასი ყველა პედაგოგს, სტატუსის მიუხედავად...

[ვიდეო] გიორგი ამილახვარი: 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ხელფასი ყველა პედაგოგს, სტატუსის მიუხედავად გაეზრდება, და სრული განაკვეთის პირობებში ზრდა მინიმუმ 500 ლარი იქნება, უმრავლეს შემთხვევაში კი, 600, 700 და 800 ლარიც

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ხელფასი აბსოლუტურად ყველა პედაგოგს, სტატუსის მიუხედავად გაეზრდება, და სრული განაკვეთის პირობებში ზრდა მინიმუმ 500 ლარი იქნება, უმრავლეს შემთხვევაში კი, 600, 700 და 800 ლარიც, ხოლო მათ ვისაც არ აქვს სრული განაკვეთი – მინისტრის განმარტებით – შესაძლოა, ეს არ იყოს 500 ლარი და „ეს იყოს 400 ლარი, ეს იყოს 300 ლარი, 200 ლარი, გააჩნია საათობრივ დატვირთვას“. ამის შესახებ ამილახვარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„2024 წლის 1-ელი ივლისიდანვე, მაშინ როცა მასწავლებლები გადიან შვებულებაში, ამოქმედდება ახალი ფორმულა და პირველი რაც უნდა ვთქვათ, ხელფასი გაეზრდება ყველას, მიუხედავად სტატუსებისა. იცით, რომ სამი სტატუსი არსებობს ამჟამად – უფროსი, წამყვანი და მენტორი და თავიანთი დანამატები აქვთ და ყველას მოთხოვნა, მე აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ვაწარმოებ მასწავლებლებთან და ყველას მოთხოვნა არის, რომ მათ უნდათ ე.წ. საბაზო ხელფასის გაზრდა და სწორედ ამ ფორმულაზე მიდის ახლა მუშაობა და შესაბამისად, ვღებულობთ, რომ დღეს რა ხელფასებიც აქვთ სრული განაკვეთის პირობებში მასწავლებლებს, მინიმუმ 500 ლარით ეზრდებათ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს არის 600, 700 და 800 ლარიც. ახლა გაჩნდება ალბათ კითხვა, რომ ვისაც არ აქვს სრული განაკვეთი აქ რა ხდება? ასევე ვადასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყველას, არც ერთი ადამიანი არ დარჩება სისტემაში, ვისაც ხელფასი არ გაეზრდება, მაგრამ შესაძლოა, ეს არ იყოს 500 ლარი, ეს იყოს 400 ლარი, ეს იყოს 300 ლარი, გააჩნია საათობრივ დატვირთვას. მაგრამ კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით, ხაზგასმით ვამბობ, ყველას, სრული განაკვეთის შემთხვევაში მე ვთქვი, მინიმუმ რა გამოდის, სხვა შემთხვევაში ეს 100 ლარზე გაცილებით მეტი იქნება – ეს იქნება დახლოებით 200 ლარი, 300 ლარი, 400 ლარი, გააჩნია, რა ფორმულას გადავიანგარიშებთ, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ დარჩება სისტემაში, ვისაც ხელფასი მკვეთრად, ანუ ამ მოცემულობით არ გაეზრდება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისი ინფორმაციით, სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგები ამჟამად დაახლოებით 70%-ს შეადგენს.

„შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 500 ლარით და მეტით ზრდაზე, დაახლოებით, დღეს ჩვენ გვყავს 50 000 სტატუსიანი მასწავლებელი და მათ 70-75%-ს შეეხება 500 ლარით და მეტით მატება, დანარჩენს ყველას ეზრდება, დატვირთვის მიხედვით, ეს არის 100 ლარზე გაცილებით მეტი, მაგრამ შესაძლოა, ეს არ იყოს 500 ლარი, მაგრამ იყოს 400, 300 ან 200 ლარი“, – თქვა განათლების მინისტრმა.

ამილახვარმა მასწავლებლების შვებულებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ მოხდება შესაბამისი ერთჯერადი საკანონმდებლო ცვლილება, რათა სამართლებრივი საფუძველი გაჩნდეს იმისათვის, რომ უკვე გაზრდილი ხელფასები 2024 წლის 1-ელი ივლისიდანვე გაიცეს.

„გაჩნდა მოსაზრებები, შრომის კოდექსში ასე არის, რომ შვებულების დროს მასწავლებლები იღებენ იმ ხელფასს, რომელიც მათ შვებულებამდე ჰქონდათ. ბუნებრივია, ეს ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, პრემიერმა განაცხადა, მე ვამბობ და როგორ შეიძლება ამაში ეჭვის შეტანა, რომ თითქოს ვიღაცებს არ სჯერათ ახლა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ბუნებრივია, მოხდება შესაბამისი ერთჯერადი საკანონმდებლო ცვლილება, რომ სამართლებრივი საფუძველი გაჩნდეს, რომ დავარიგოთ ეს ხელფასები უკვე შვებულებაში. ივნისში მთავრდება სასწავლო წელი, მასწავლებლები ივლისიდან გადიან შვებულებაში და 2024 წლის შვებულებაშივე იღებენ უკვე გაზრდილ ხელფასს და ბუნებრივია, ეს გაგრძელდება შემდგომ ჩვეულებრივად წლის ბოლომდე და რა თქმა უნდა იქით, მთელი წელი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა და დაამატა, რომ პედაგოგების ახალ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით დეტალური პრეზენტაცია დეკემბერში გაიმართება.

ბოლო სიახლეები