spot_img
Wednesday, December 25, 2024
1.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაკახა კალაძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრად კალაძეს ამზადებენ

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრად კალაძეს ამზადებენ

„2025 წლამდე ჩემს ქალაქს და თბილისელებს ვემსახურები“ – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას მის სავარაუდო პრემიერობასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დასასრულებელია დედაქალაქში მიმდინარე არაერთი რეფორმა და პროექტი.

„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი. უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შიდა გადაჯგუფებას გეგმავს და პრემიერ-მინისტრად კახა კალაძეს ამზადებს, პრეზიდენტად კი თეა წულუკიანს. ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

კალაძე სააკაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ ის მზად არის აღნიშნული პარტიის კოორდინაციისთვის და პოლიტიკური საბჭოდან გარიყულების დასაბრუნებლად.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პარტიას 2012 წლიდან მოსახლეობა შესაბამის პასუხს სცემს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„დიდი პრობლემები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, გახლეჩილია და არ აქვს ხალხის ნდობა. როგორ შეიძლება, იმ პოლიტიკურ გუნდს დაუჭირო მხარი, რომლის წევრებიც ხალხს აუპატიურებდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ და ა.შ. ხალხი მათ 2012 წლიდან შესაბამის პასუხს სცემს და ასე იქნება 2024 წელსაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები მხოლოდ პირადი გავლენისთვის იბრძვიან და სხვა ინტერესი არ გააჩნიათ.

„მელია, ხაბეიშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ერთმანეთზე დაპირისპირებული ადამიანები არიან, გავლენებისთვის იბრძვიან. ეს საკითხები არ მაინტერესებს. იქ არიან ჩარჩენილები, ჰქონიათ, რომ 2003 წელს რაც იყო, იგივე მოცემულობაა ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანამ ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა. 

„წამოცდენები აქვთ ამ ადამიანებს. ამ წამოცდენებში კი რეალურად კარგად იკვეთება, თუ რა ზრახვები აქვთ. ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე – მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოში გაჩნდეს მეორე ფრონტი და ქვეყანა ისევ იმ უბედურებაში ჩაერთოს, რაც სამწუხაროდ, გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს საკუთარ თავზე. 2008 წელს რა ქნეს? ომით რა გააკეთეს? გეტყვით, რაც გააკეთეს: დავკარგეთ ტერიტორიები და ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი ოკუპირებულია; განადგურებულია ინფრასტრუქტურა; გვყავს უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და გმირი ჯარისკაცები. აი, ეს მივიღეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი აზრით, ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა ეკონომიკური გაძლიერებითა და მშვიდობის შენარჩუნებით უნდა აღიდგინოს. 

„ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გაძლიერდეს თითოეული ოჯახი და ამ ყველაფრით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

მან მედიას ასევე უთხრა, რომ თუ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება  გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. 

„ვფიქრობ, ზოგადად, არავის დაკავება და ციხეში ყოფნა არ უხარია ნორმალურ ადამიანს, მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანეს ცხრა წლის განმავლობაში, ისეთი რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი და ამ ყველაფრის შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის გუნდთან ერთად. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს, იყო ხელისუფლებაში და შენი ქვეყნის მოსახლეობას აკადრო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თავის ხალხს. ხომ არ გგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას? არა, პირიქით, დღესაც იგივეს განაგრძობენ, უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ, ყველაფერს იყენებენ – თავიანთ ტელევიზიებს სიძულვილისთვის,  ადამიანების დაპირისპირებისთვის, შანტაჟი, ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, ეს არის მათი ხელწერა. შესაბამისად, თუ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენს”, – განაცხადა კალაძემ.

ბოლო სიახლეები