spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოჯოზეფ ბაიდენი და სი ძინპინი 4-საათიანი მოლაპარაკებებისას მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაციის განახლებაზე...

ჯოზეფ ბაიდენი და სი ძინპინი 4-საათიანი მოლაპარაკებებისას მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაციის განახლებაზე შეთანხმდნენ

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაციები და გახსნან საპრეზიდენტი ცხელი ხაზი, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი.

ჩინეთმა ეს სასიცოცხლო ხაზი 2022 წელს ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ გაწყვიტა, აშშ-ს კი, სურდა მისი აღდგენა, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლო სამხედრო შეტაკებები.

ბაიდენმა და სი ძინპინმა მოლაპარაკებებისას, რომელმაც დაახლოებით ოთხ საათს გასტანა, ასევე ღაზასა და უკრაინაში მიმდინარე ომები, ტაივანის, საერთაშორისო ვაჭრობისა და ფენტანილის წარმოების შეზღუდვის საკითხები განიხილეს.

ჯოზეფ ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე ისტორიულ მამულში შედგა. კონკურენტი ზესახელმწიფოების ლიდერებს შორის მანამდე გამართული შეხვედრიდან წელიწადზე მეტი დრო გავიდა.

ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები მაშინ დაიძაბა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თავის საჰაერო სივრცეში ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო აპარატი აღმოაჩინა.

სიმ და ბაიდენმა ლანჩის შემდეგ ერთად გაისეირნეს ბეი არეის მამულის მოვლილ ბაღში. როდესაც ჟურნალისტებმა მათი გამოჩენისას ხმაური ატეხეს და ლიდერებს შეძახილით ჰკითხეს, თუ როგორ წარიმართა მოლაპარაკებები, ბაიდენმა თქვა „კარგად“ და ორივე ხელის ცერა თითები მაღლა ასწია, ხოლო სი ძინპინმა პრესას ხელი დაუქნია.

როგორც BBC იტყობინება, ჩინეთის სახელმწიფო მედიის მხრიდან ამ მომენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა – ორი ლიდერის გვერდიგვერდ სეირნობის და ღიმილის ამსახველი ვიდეო სწრაფად გავრცელდა სახელმწიფო მედიის საშუალებებით და მალევე გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში.

BBC წერს, რომ მსოფლიო ლიდერებთან გასეირნება, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი გახდა სი ძინპინის დიპლომატიურ ურთიერთობებში. მან ასევე გაისეირნა პრეზიდენტებთან – ბარაქ ობამასთან და დონალდ ტრამპთან ერთად, როდესაც ის აშშ-ს 2013 და 2017 წლებში ეწვია.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის Cankao Xiaoxi-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, სიმ სხვა ლიდერებთან ერთად სულ მცირე 18-ჯერ გაისეირნა 2013-2018 წლებს შორის.

ბოლო სიახლეები