spot_img
Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკადეპუტატებმა პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების გაზრდას პირველი მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირეს

დეპუტატებმა პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების გაზრდას პირველი მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირეს

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი პირველი მოსმენით, 85 ხმით ერთხმად მიიღო.

კანონპროექტი, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შეცვლას ითვალისწინებს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2017-2018 წლებში გატარებული საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ანაზღაურების სხვადასხვა კოეფიციენტი დაწესდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით ასევე დადგინდა ანაზღაურების კოეფიციენტები პარლამენტის წევრებისთვის, სადაც კოეფიციენტები 8-დან 10-მდე განისაზღვრა.

კანონპროექტის პირველ ვარიანტში დაკონკრეტებული იყო ხელფასები: პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9 000 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 8 750 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8 500 ლარი; პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8 250 ლარი.

ამასთან, მომავალი წლიდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.

„დღეს არსებული სისტემით ანაზღაურების 1/3 არის პენსია, თუმცა ჭერი არის 560 ლარის ოდენობით. ეს ზედა ზღვარი იცვლება, ეს არის იგივე მუხლი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ. ბევრ სეგმენტს ფარავს. ეს ჭერი 1000 ლარამდე იზრდება. ასე რომ, პარლამენტის ყოფილ წევრებსაც შეეხებათ ეს ცვლილება. 1-ელი იანვრიდან პენსია, 560 ლარის ნაცვლად, 1000 ლარი იქნება. დღეს პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარი იმიტომაა, რომ დადგენილია ჭერი 560 ლარი. წესით უნდა იყოს ხელფასის 1/3, თუმცა ვინაიდან ჭერი 560-ია, ამას ვერ სცდება. ჭერი ბიუჯეტით 1000 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, პენსია იქნება 1000 ლარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„მიუხედავად იმისა, რომ შრომის ანაზღაურება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის აღნიშნული წესით გაიცა, 2017 წელს პარლამენტის წევრების ანაზღაურებას ეს მიდგომა არ შეხებია და შედეგად, ბოლო 10 წელია, 2013 წლიდან პარლამენტის წევრების ანაზღაურება არ შეცვლილა. რამაც გამოიწვია დისბალანსი პარლამენტის წევრების ანაზღაურებასა და არა მხოლოდ სხვა საჯარო დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირების ანაზღაურებას შორის, არამედ თავად პარლამენტის შიგნითაც – დღეს აპარატში დაახლოებით 50 თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული დისბალანსის აღმოფხვრის და პარლამენტის წევრების ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას ანაზღაურების კონკრეტული ციფრები შესაბამისი კოეფიციენტებით შეიცვალა და წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი დადგინდა.

„მსურს აღვნიშნო, რომ კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. კანონით მაქსიმალური ზღვარი არის რვიდან ათამდე და ჩვენ შვიდიდან რვანახევარამდე ვაწესებთ და დაახლოებით 85%-ით ხდება კოეფიციენტების ზღვართან მიახლოება. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო და აღვნიშნო, რომ ეს ცვლილება არ შეეხება ამ მოწვევის პარლამენტის წევრებს და ის ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რეგლამენტის წარმოდგენილი ცვლილებები ერთჯერად ანაზღაურებასაც შეეხება, სადაც პარლამენტის წევრის ბუნებრივ ან თავდასხმის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება.

ბოლო სიახლეები