spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოდევიდ ქამერონმა და ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი და უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხი...

დევიდ ქამერონმა და ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი და უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

GUARDIANGE – დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქამერონი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ესაუბრა და განიხილა „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, ისრაელის უფლება დაიცვას საკუთარი თავი და ჰუმანიტარული პაუზის საჭიროება, რათა ღაზაში დახმარების უსაფრთხო დერეფანმა იმოქმედოს“, ასევე მათი განგრძობადი მხარდაჭერა უკრაინისადმი და დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების სიმტკიცე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი „კონსერვატორი“ პრემიერ-მინისტრი დევიდ ქამერონი, რომელიც 2010-2016 წლებში ხელმძღვანელობდა მთავრობას, პოლიტიკაში მოულოდნელად დაბრუნდა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა. ქამერონმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ეთანხმებოდა რიში სუნაკის „ცალკეულ გადაწყვეტილებებს“, მას სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ძლიერი და უნარიანი ლიდერია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წინა ხაზის პოლიტიკის მიღმა ვიყავი, იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება – როგორც „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერისა თერთმეტი წლის განმავლობაში და პრემიერ-მინისტრისა ექვსი წლის განმავლობაში – საშუალებას მომცემს პრემიერ-მინისტრის დახმარებაში“, – განაცხადა ქამერონმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პირველი ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ვინც 1970-იანი წლების შემდეგ მთავრობაში დაბრუნდა.

პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მინისტრთა კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილებებიცაა. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრეივერმანი, რომელიც ჯეიმს ქლევერლიმ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეცვალა.

ბოლო სიახლეები