spot_img
Wednesday, December 25, 2024
1.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაკახა კალაძემ სერგეი ლავროვს უპასუხა: მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია

კახა კალაძემ სერგეი ლავროვს უპასუხა: მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია

საქართველოს არჩევანი ევროპული მომავალია, რისთვისაც ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისივე შეფასებით, საქართველოსთვის ყველაზე დამაზიანებელი ქვეყნის შიგნით არსებული მტრობაა.

„ცხადია, ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება. ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალია და ამ რთულ გზაზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ცხადია, არსებობს გამოწვევები, სირთულეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა ყველაზე დამაზიანებელი და მძიმე მაინც ქვეყნის შიგნით არსებული მტრობა მგონია. რომელ რუსეთის მტრობაზეა საუბარი, როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკოსები ბრიუსელში გარბოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო? ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო. დღეს ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ჰყავს რადიკალური ოპოზიციის სახით. რა რუსეთზეა საუბარი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – ლავროვის განცხადება ევროკავშირის მისამართით გაკეთებული მუქარაა თუ საქართველოს, თბილისის მერი აცხადებს, რომ საქართველო ყოველთვის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და მომავალშიც ეს დამოკიდებულება გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ბოლო სიახლეები