spot_img
Saturday, December 28, 2024
4.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, პირველ რიგში,...

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, ვინაიდან ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება, ეკუთვნის ჩვენს ხალხს

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თუ რაიმე დაზუსტება იყო საჭირო, ჩვენმა გუნდმა ერთიანად მოვახერხეთ და ძალიან მოკლე პერიოდში დავხურეთ თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა მოცემული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა მიულოცა თითოეულ მოქალაქეს და ხაზი გაუსვა, რომ ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ხალხს.

„ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, ვინაიდან ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება, მე ასე ვიტყოდი, ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, საჯარო მოხელეებს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს დიპლომატებს, კიდევ ერთხელ ჩვენს პარლამენტს, ვინაიდან, 100-ზე მეტი დოკუმენტი იქნა მიღებული, შექმნილი და უზარმაზარი სამუშაო, უდავოდ უნდა ითქვას, გასწია მთელმა გუნდმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და აღნიშნა, რომ სალივანის და ამერიკის მთავრობის სურვილი და მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის.

„რა თქმა უნდა, მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. მე ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ერთი თვის წინ მქონდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან გარდამტეხი და გადამწყვეტი შეხვედრები, შეიძლება ასე ითქვას. მინდა გამოვყო შეხვედრა ბატონ სალივანთან და მინდა პირადად მას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბატონი სალივანის და ამერიკის მთავრობის სურვილი და მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელთანაც მქონდა საკმაოდ შინაარსიანი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შეხვედრა ესპანეთში“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და გუნდის თითოეულ წევრს.

მისი თქმით, სამთავრობო გუნდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 საათის რეჟიმში მუშაობდა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

„ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული. საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მე მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ჩვენ დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ პოზიტიური, დადებითი და ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელიც მხარს უჭერდა და უჭერს, რტომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები