spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაკახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის...

კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.

ამის შესახებ მან პარტია „ლელოს“ დეპუტატის, დავით უსუფაშვილის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად, რეალურად ყველაფერი გააკეთა და შეასრულა ის მოთხოვნები, რაც იყო დასახელებული – 12-პუნქტიანი გეგმა და დამატებითი მიმართულებები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ლოგიკა, ახსნა-განმარტება არ არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით, რადგან თუ რომელიმე ქვეყანას რაიმე ჰქონდა გაკეთებული და თუ შევაფასებთ იმ კრიტერიუმებით, რაზეც არის საუბარი, საქართველო იყო და არის ამ ქვეყნებს შორის მოწინავე, თუმცა გვესმის, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რა იყო ამის მოტივი. ყველა ვხედავთ, რამდენი რამ გაკეთდა ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. რეფორმები ჩვეულებრივად გრძელდება, ეს პროცესია და მჯერა, რომ თუ სამართლიანი მიდგომები იქნება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიანიჭებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანაში ნიჰილიზმი დანერგონ და ევროინტეგრაციის პროცესს ხელი მაქსიმალურად შეუშალონ.

„ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, ვიცით ეს და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას; გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება; ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ; როგორმე არეულობა, დაძაბულობა იყოს ქვეყანაში. არა მხოლოდ თავიანთი განცხადებებით, არამედ ქმედებებით – პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შეიძლება, არ მოგწონდეს შენი ხელისუფლება და იყო მასთან ოპოზიციაში, გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციაზე, ამ დროს კი, ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლა ხდება, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის წინააღმდეგ დგამენ ასეთ მოღალატეობრივ ნაბიჯებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები