spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკა„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიღო

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ერთხმად, მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას.

ცვლილების თანახმად, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა.

დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ მომზადებული კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ:

  • საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება როგორც მოქალაქეების, ისე უწყების დრო და რესურსები;
  • გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება, გადააბაროს გამოცდა შეუზღუდავად. გამოცდის ჩაბარებისას მისი შედეგები ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში;
  • საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე შემცირდება;
  • მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების ათწლიანი ცენზი ხუთ წლამდე შემცირდება, რითაც სრულად შესრულდება გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება.

ბოლო სიახლეები