spot_img
Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს − კიტაკ ლიმს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის პოზიტიურ თანამშრომლობა-მხარდაჭერას რეფორმათა განხორციელების პროცესში.

განიხილეს ევრაზიის კონტინენტზე სატრანსპორტო კავშირის ხელშეწყობის, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და ამ მიმართულებით საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის, მნიშვნელობა. როგორც პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო ისტორიულად არის ბუნებრივი ხიდი ევროპა-აზიას შორის და სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას საშუალებას აძლევს, წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის“ გავლით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურაში, რათა საკმარისი სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს მომავალ წლებში. პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რომელიც მაღალი დონის და მრავალმხრივი დიალოგისთვის შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი − კიტაკ ლიმი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფება. ის მოხსენებით წარდგა სესიაზე „შუა კორიდორი“.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირადი თანაშემწე ლიტიანა რასიგატალე, გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მეკავშირე ოფიცერი ლიკა ლომინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი ესწრებოდნენ.

ბოლო სიახლეები