spot_img
Thursday, December 26, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებათბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი ფართოვდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი ფართოვდება

მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების მიზნით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯია“ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს. 

საპასპორტო კონტროლისა და საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონების გასაფართოებლად, 23 ოქტომბრიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება. 

პროექტი გულისხმობს ესკალატორებთან მდებარე ღიობების ნაწილობრივ ამოვსებას, რის შედეგადაც, გაჩნდება დამატებით 220 კვ.მ სივრცე. შესაბამისად, გაიზრდება საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდება საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა და გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი.  

სარეკონსტრუქციო სამუშაოების პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება როგორც მგზავრების, ასევე თანამშრომელთა უსაფრთხოება. სამშენებლო მოედანი, სტანდარტების სრული დაცვით, შესაბამისი მასალით შემოიღობება. ახლომდებარე სარეგისტრაციო დახლები კი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე არ იფუნქციონირებს. 

პროექტი, რომელშიც „ტავ ჯორჯია“ 2 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს, 2024 წლის თებერვალში დასრულდება. 

 

“ტავ ჯორჯიას” შესახებ

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

ბოლო სიახლეები