spot_img
Tuesday, December 24, 2024
12.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკაეროვნულ ვალუტაში სესხის აღებისას, 200 000-ლარიანი ზღვარი 300 000 ლარამდე იზრდება

ეროვნულ ვალუტაში სესხის აღებისას, 200 000-ლარიანი ზღვარი 300 000 ლარამდე იზრდება

2024 წლის პირველი იანვრიდან, 300 000 ლარამდე ოდენობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის სავალუტო რისკის დაცვას ისახავს მიზნად, რადგან უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირსა და აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, დოლარისა და ევროს სესხებზე განაკვეთები მზარდ ტენდენციას ატარებს.

„როგორც 200 000 ლარზე მოქმედებდა, ეს ზღვარი 300 000 ლარამდე იზრდება. იმ მოსახლეობას, ვისაც შემოსავალი აქვს ლარში, 300 000 ლარამდე სესხს აიღებენ მხოლოდ ლარში“, – თქვა თურნავამ.

მისი ინფორმაციით, იმ პირებს, რომელთაც შემოსავალი აქვთ უცხოურ ვალუტაში, ექნებათ შესაძლებლობა, სესხი უცხოურ ვალუტაში მიიღონ და მათთვის 200 000-ლარიანი შეზღუდვა 2024 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდება.

„თქვენ გახსოვთ, რომ არსებობდა შეზღუდვა იმ პირებზე, რომელთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ და 200 000 ლარამდე ეკვივალენტის სესხის აღება მათ შეეძლოთ მხოლოდ ლარში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ იყო მთლად სამართლიანი. იმიტომ, რომ ჰეჯირება სწორედ იმას გულისხმობს, რომ პირი იყოს დაცული სავალუტო რისკებისგან. შესაბამისად, იმ პირებს, რომელთაც აქვთ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სესხი უცხოურ ვალუტაში. ეს შეზღუდვა, რაც ადრე არსებობდა მათ მიმართ, მოიხსნება. ეს, ჩვენი აზრით, უპირატესად შეეხებათ იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ემიგრანტები და გზავნილებით იღებენ შემოსავლებს. მეზღვაურებს, რომელთაც აქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავალი, საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს და სხვა მსგავს კატეგორიას, ვისაც ძირითადი შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში, ხოლო შეზღუდვის გამო, ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში. ანუ ვისაც აქვს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი. ადრე იყო შეზღუდვა 200 000 ლარამდე, ახლა ეს შეზღუდვა მოვხსენით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში კი აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე, დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილისა და რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის პირობებში. დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში. ამასთან, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების მიტიგაციისთვის ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს. შემდგომი ცვლილებების განხორციელებისას კვლავაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საკრედიტო აქტივობაზე შესაძლო გავლენა და მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, – ნათქვამია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ბოლო სიახლეები