spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვაჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო

„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერებას,“ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლოდ განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების განვითარების სამოქმედო გეგმა 2030-ში განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტების შესაბამისად არაერთი უმნიშვნელოვანესი შესყიდვა განხორციელდა, რითაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობას. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს ძველი საბჭოთა პერიოდის ტექნიკის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტექნიკით ჩანაცვლება და აქცენტი კეთდება ნატოს სტანდარტების შეიარაღების შესყიდვაზე. „როგორც წარსულმა გამოცდილებამ და თანამედროვე ომის სპეციფიკამ დაგვანახა, სამხედრო დაპირისპირების დროს, თავდაცვითი ამოცანების შესრულებისა და ჩვენი კრიტიკული
ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ამ კომპონენტის გაძლიერება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, 2022 წელს დასრულდა რაფაელის წარმოებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის
მოდერნიზება და გაფორმდა ხელშეკრულება დამატებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის (სპაიდერი) შესყიდვაზე, ხოლო ნატოს წევრ ქვეყანასთან ფინალურ ეტაპზეა სახელშეკრულებო მოლაპარაკებები ხელით გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე. „ნატოს წევრ და ასევე პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებულია ხელშეკრულებები მოკლე და შორ მანძილზე მოქმედების თანამედროვე დრონსაწინააღმდეგო სისტემების, ასევე ხელით გადასატანი დრონების აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემების შესყიდვაზე,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ბოლო სიახლეები