spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი: „მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები“

სალომე ზურაბიშვილი: „მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები“

„მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი, ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

„ჩემი დუმილის დრო დასრულდა. აქამდე თავს ვიკავებდი, რამეთუ ჩავთვალე, რომ ვიდრე საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობდა, ჩემი ამ პროცესში უშუალოდ ჩარევა არ იყო საჭირო. ჩემი წარმომადგენლები, რომლებიც ჩემზე სამართლებრივი კუთხით ბევრად უფრო მცოდნეც არიან და იციან, როგორ წარიმართოს ასეთი პროცესი, მათი როლი იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. მათ სრულყოფილად ჰქონდათ ჩემი ნდობა და სრულყოფილად შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება. მართალი გითხრათ, დღეს ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე არაფერი მიკვირს. ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი, როგორც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, სადაც კიდევ გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა სასამართლო. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც მას უნდა სრცხვენოდეს. ყველა მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა სრცხვენოდეს. ერთადერთი, სამმა ადამიანმა კიდევ გარკვეულწილად გადაარჩინა თავიანთი რეპუტაცია უფრო, ვიდრე საკონსტიტუციოსი. ეს ქვეყნისათვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება იმ დროს, როდესაც პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე არის ასეთი დამახინჯებული და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთისა – პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ გადადგომას არ აპირებს.

„მინდა, გაგამხნევოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას და ყველას, ვინც მისმენს დღეს, რომ არსად მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი, ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. იმიტომ, რომ დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალიც, ან სცადეს და დემოკრატიაც, რადგან ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოს შორის, ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, აპირებს, იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში მივიდეს.

„ეს არის მცდელობა „ოცნების“, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ. არსად წავალ. ახლა თვითონ იფიქრონ, მერე რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის, ეს მე აღარ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას გვეტყვის ახლო მომავალი, როგორ იქნება და რა იქნება, მაგრამ თქვენ მინდა, გითხრათ, რომ ერთად, რადგანაც ვიცი და მჯერა, რომ მთელი საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული, ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს, პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს უშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები, და მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპი. წელიწადი გვაქვს წინ, წელიწადნახევარი და ამ ყველაფერს მივაღწევთ. მივაღწევთ ასევე თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ დაკარგავს იმედს. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად. პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. ახლა ყველას გადასაწყვეტი არის, ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ, დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, გამოვალ თუ სიტყვა მომცეს. თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ, ვიცი, რომ არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები