spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაბოლნისის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი: „უამრავ რამეს სთხოვენ მასწავლებელს,...

ბოლნისის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი: „უამრავ რამეს სთხოვენ მასწავლებელს, მე მგონი საკმარისია“

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე თითქმის 25-წლიანი მოღვაწეობის გამოცდილების მქონე ნოფალ ალიევი, რომელიც განათლების სისტემაში არაერთი ცვლილების მომსწრეა, ამბობს, რომ რეფორმის მიმდინარეობისას გარკვეული ხარვეზები იკვეთება. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში პერიოდულად შედის შესწორებები, სასკოლო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხის, მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად წაყენებული მოთხოვნების გრძელი სიის შემცირებას ბოლო არ უჩანს, რაც მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესს აზიანებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი

„განათლების რეფორმა მტკივნეული საკითხია. ამ 25 წლის განმავლობაში უშუალო შეხება მაქვს სასკოლო საქმიანობასთან. მომსწრე გავხდი დიდი ცვლილებების, ეროვნული სასწავლო გეგმა იცვლებოდა მეორე თუ არა მესამე წელს მაინც, ინერგებოდა სიახლეები და ეს გრძელდება, რადგან ჯერ არ არის მიღწეული დამაკმაყოფილებელი შედეგი. მაგრამ დავასახელებ კონკრეტულად, რა პრობლემები, ხარვეზები გვაქვს ამ სისტემაში. აი, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მართლაც არის ასახული, რომ პრიორიტეტი არის მოსწავლე, ყურადღების ცენტრში დგას მოსწავლე, ანუ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში რომ მასობრივად დაიწყო მასწავლებლების სერტიფიცირება, მე განა იმას კი არ ვამბობ, რომ ეს არის მცდარი ნაბიჯი, ნამდვილად არ ვამბობ ამას, მაგრამ აქცენტი მაქვს იმაზე, რომ სერტიფიცირების პროგრამაში შედის უამრავი ელემენტი და მოსწავლეები გარკვეულწილად რჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, რადგან მასწავლებელი ზრუნავს, შრომობს იმისათვის, რომ მიაღწიოს თავის დასახულ მიზანს, გახდეს სერტიფიცირებული და შესაბამისად, ჩემი აზრით, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მასწავლებლებს ძირითადად აინტერესებთ მათი ხელფასის გაზრდა, აქცენტი აქეთკენაა გადატანილი და არა მათი მოსწავლეების  აკადემიურ მოსწრებაზე და ა.შ. ანუ ასეთი ქაღალდომანია რატომაა საჭირო?! 5 წლის წინ იყო, რომ თვითშეფასებას ავსებდა მასწავლებელი, სულ ღონისძიებებს ატარებდა, ამას დაემატა არაფორმალური განათლების მიდგომები, აქცენტი იმაზეა გადატანილი, რომ მასწავლებელი დღე და ღამე ფიქრობს თავის წინსვლაზე და არა მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე. ეს გარკვეულწილად აზიანებს სასწავლო პროცესს. უამრავ რამეს სთხოვენ მასწავლებელს, მე მგონი საკმარისია. კი, ბატონო, ჩააბარა საგანი, ე.ი. არის თავისი საგნის მცოდნე, შედის კლასში და ატარებს თავისი აკადემიური დონიდან გამომდინარე გაკვეთილს და ახლა მისთვის ამდენი მოთხოვნა – უნდა ჩააბაროს ეს, ის, მისი წინსვლისთვის მოამზადოს უამრავი რამ და გაიაროს რაღაც პროცედურები. მე მგონი ეს არის ზედმეტი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი

„კიდევ ერთი ხარვეზი რა არის იცით?! უსამართლობის განცდა არსებობს იმ მხრივ, რომ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებენ მასწავლებლებს. ზოგიერთმა 10 კრედიტ-ქულაზე ჩააბარა საგანი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც 1 კრედიტ-ქულით აქვთ მოპოვებული სტატუსი.  

„უსამართლობა სად გვაქვს კიდევ იცით?! ვთქვათ, კონკრეტულ საგანში მასწავლებელმა, მაგალითად ბუნებისმეტყველებაში ჩაააბარა გამოცდა და მას უფლება აქვს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის გაკვეთილები ჩაატაროს, მიიღოს სერტიფიცირების დანამატი. მაგრამ, ჩემი აზრით, ბუნებისმეტყველება, ბუნებისმეტყველებაა და ფიზიკაში გამოცდაჩაუბარებელმა რატომ უნდა ასწავლოს ფიზიკა, რატომ უნდა მისცენ მას ამის უფლება? მიუხედავად იმისა, რომ ბუნება, ბიოლოგია და ქიმია მონათესავე საგნებია, ალბათ დამეთანხმებით, რომ ისინი ერთმანეთისაგან მაინც ძირეულად განსხვავდება. ასე რომ, ჩემი აზრით, მიუღებელია ასეთი რამ“, – განუცხადა სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნოფალ ალიევმა GUARDIANGE-ის ქართულ ენაზე [სტილი დაცულია].   

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი

ალიევი 1999 წლის იანვრიდან უდგას სათავეში აკაურთის საჯარო სკოლას, რომელიც მისი დირექტორად დანიშვნისას არასრული, 9-წლიანი სკოლა იყო, თუმცა 2001 წლიდან ისევ საშუალო სკოლად ჩამოყალიბდა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის შენობა

„ჩვენი სკოლა ისტორიულია, 1957 წლიდან ფუნქციონირებდა, როგორც საშუალო სკოლა, 1996 წელს გადაკეთდა არასრულ საშუალო სკოლად, ჩემი დანიშვნის შემდეგ, ჩემი ინიციატივით, დავიწყეთ ზრუნვა, რომ სკოლა ისევ საშუალო გამხდარიყო, მაგრამ ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა – ერთ-ერთი, შენობის ავარიულობა იყო. დავიწყე ამ მხრივ მუშაობა და მოვიძიე საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი, რომლის 80%-იანი დაფინანსებით და ჩვენი რაიონის ბიუჯეტის 20%-იანი თანამონაწილეობით, 2000 წელს სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, 2001 წლიდან კი, სკოლას დავუბრუნეთ თავისი წარსული სტატუსი, ის სრული საშუალო სკოლა გახდა“, – განაცხადა ნოფალ ალიევმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის შენობა

დირექტორის ინფორმაციით, სტატუსის შეცვლამ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია, თუმცა ბოლო პერიოდში მიგრაციულმა პროცესმა, ოჯახების საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლამ, ბავშვების კლება განაპირობა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის ეზო და სოფლის ტერიტორია

„როცა სკოლა არასრული საშუალო სკოლა იყო, მაშინ მცირეკონტინგენტიანად ვითვლებოდით, რადგან 9 კლასის ჩათვლით იყო მხოლოდ სწავლა, და მისი დასრულების შემდეგ მოსწავლეები სხვა სოფლებში მიდიოდნენ სასწავლებლად, მაგრამ უნდა ითქვას, რომ უმეტესობა საერთოდ არ განაგრძობდა სწავლას, მას შემდეგ კი, რაც ისევ 12-წლიანი გახდა, გაიზარდა მოტივაციაც და დინამიკაც, თუ მანამდე 80 მოსწავლე ირიცხებოდა, მალე 130-ამდე 140-ამდე გაიზარდა რაოდენობა, ახლა 110 მოსწავლე გვყავს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი აკაურთა

„მზარდი დინამიკისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ მშობლები საზღვარგარეთ მიდიან ან სამუშაოს ან სხვა მიზეზის გამო და ბავშვებიც თან მიჰყავთ, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს რაოდენობის შემცირებაზე. უფრო სამუშაოდ მიდიან მაინც, ძირითადად პოლონეთში. თუმცა ასეთი ფაქტიც მოხდა – რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ, 3 ოჯახი დაბრუნდა სოფელში. ვიზის მოხსნის ფაქტორმა იქონია გავლენა“, – აღნიშნა ნოფალ ალიევმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი აკაურთა

GUARDIANGE-ის შეკითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ბოლნისის მუნციპალიტეტში იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ნოფალ ალიევი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში უამრავია ადამიანია ჩართული და ისინი სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებენ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი

„გულწრფელად გიპასუხებთ, ამ მთავრობის პერიოდში, ნამდვილად, ბევრად შეიცვალა სურათი, მდგომარეობა იმ კუთხით, რომ სოფლებში, ჩვენთანაც და სხვაგანაც, უამრავი ინფრასტრუქტურული საკითხი მოგვარდა და ამ სამუშაო პროცესებში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. გარდა ამისა, მხოლოდ ჩვენს სოფელში, 15 ოჯახი ჩართულია დასუფთავების სამსახურისა თუ ობიექტების ზედამხედველობის მიმართულებით და გასამრჯელოს სტაბილურად იღებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი აკაურთა

„ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო მიწებსაც ამუშავებენ, თითქმის ყველას გააჩნია მიწა, მაგრამ ამ კუთხით მაინც უფრო ნაკლებად არის მოსახლეობა დაინტერესებული, არ ამართლებს ალბათ, ჩემი აზრით. მე ამ დარგში არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ როგორც ვხედავ, მიწის დამუშავებით არ არის მოსახლეობა ისე დაინტერესებული, როგორც ადრე იყო. უფრო უპირატესობას საზღვარგარეთ წასვლას და იქ მუშაობას ანიჭებენ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი აკაურთა

„ამ ეტაპისთვის ბევრი რამ არის გაკეთებული და მომავალში ალბათ შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილები და დასაქმდება მეტი ადამიანი, ამის იმედს ვიტოვებ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტო: სოფელ მუხრანას, ბალახაურის, ნახიდურისა და ხიდისყურის 755 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

ახლა, ბოლნისის მასშტაბით, თითქმის ყველგან მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განვითარება, ობიექტების განახლება, გზების დაგება და თითქმის ყველა სოფლიდან, მათ შორის ჩვენი სოფლიდან, უამრავი ახალგაზრდა არის დასაქმებული – 25-40 წლის ადამიანები. გუშინაც დავინახე ბოლნისში, ჩვენი სოფლიდან იმდენი ადამიანი მუშაობდა, კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რომ გამიხარდა, თან სოლიდურ ხელფასსაც იღებენ.

defaultბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტო: 22 აგვისტო, 2023 წელი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა აღიმართა

„ქალაქ ბოლნისის სრული რეაბილტაციის პროექტი ბოლო ფაზაშია შესული და უახლოეს პერიოდში ალბათ დასრულდება, ნამდვილად საუკუნის საქმე გაკეთდა და არა მარტო ბოლნისში, დიდ სოფლებშიც მოწესრიგდა გზები, გარე განათებები და სხვა. ბოლნისი ქვემო ქართლის რეგიონში შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი წამყვანი მუნიციპალიტეტია, დიდი ნაბიჯებით მიდის წინ“, – განაცხადა ნოფალ ალიევმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტო: ქ. ბოლნისი

GUARDIANGE-ის შეკითხვაზე, სად ისწავლა ქართული ენა ასეთ მაღალ დონეზე, ნოფალ ალიევმა უპასუხა, რომ იგი თვითნასწავლია, ქართული ენა კი, „საქართველოს მიმართ დიდი სიყვარულის“ გამო ისწავლა. ამასთან, იგი ბედნიერია იმით, რომ მისი თაობისაგან განსხვავებით, დღევანდელი ახალგაზრდობა შესანიშნავად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, თბილისში იღებს უმაღლეს განათლებას და წარმატებულ კარიერას იწყებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი

„გულწრფელად გეუბნებით, ეს არის ჩემი ქვეყნის მიმართ დიდი სიყვარულის შედეგი. მე როცა სოფლის სკოლა დავამთავრე, ერთი-ორი სიტყვა თუ ვიცოდი ქართული, მაგრამ აზერბაიჯანში უნივერსიტეტის დასრულების და მშობლიურ სოფელში დაბრუნების შემდეგ, ჩემ წინაშე ასეთი ამოცანა, გამოწვევა დავისახე – თუ ცხოვრობ საქართველოში, პირველ რიგში ეს არის ჩემი ვალდებულება, ამ ქვეყნის მიმართ სიყვარულის გამო, რომ უნდა ვისწავლო ქართული ენა და მე ვარ თვითნასწავლი პიროვნება, თუმცა არ ვიცი რამდენად გამართულად ვსაუბრობ ქართულად. (GUARDIANGE-ის შენიშვნა: ბატონი ნოფალ ალიევი შესანიშნავად, მაღალ დონეზე საუბრობს ქართულ ენაზე).

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი

„ქართული ენის სწავლების დონის ამაღლების მხრივ ძალზე ეფექტური შედეგი გამოიღო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არაქართულენოვან სკოლებში დამხმარე და კონსულტანტ-მასწავლებლების დასაქმებამ. ამან თითქმის გარდატეხა შემოიტანა ეროვნული უმცირესობების სკოლებში – ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და ა.შ. ამან დიდი გავლენა მოახდინა სასკოლო ცხოვრებაში. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქის აზროვნებაში შეიცვალა მიდგომები, სახელმწიფო ენის მიმართ ინტერესი გაიზარდა, გაჩნდა იმის შეგრძნება საზოგადოებაში, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა ძალიან დამაზიანებელია მისთვის. მოკლედ, დღეს სულ სხვა ვითარებაა, ძირფესვიანად განსხვავებული – ყველა ახალგაზრდისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის პრიორიტეტად დღის წესრიგში ენის შესწავლა დგას და ძალიან ინტენსიურადაც არიან ჩაბმული ამ მიმართულებით. სკოლაში კვირეული დატვირთვა ქართულში არის 5 საათი, ამის გარდა, ქართული ენის დამატებითი სწავლებაც მიმდინარეობს მსურველებისთვის, კლუბების თუ წრეების სახით. ასევე, ბოლნისში მოქმედებს ცენტრი, სადაც ხორციელდება მოსწავლეების და სხვა დაინტერესებული პირების აყვანა გასაუბრების საფუძველზე და 1 წლის განმავლობაში ასწავლიან სახელმწიფო ენას, მსურველები ბევრნი არიან და შედეგი გვაქვს საოცარი – ისე გამართულად, სუფთად, ლიტერატურულ დონეზე საუბრობენ ახალგაზრდები, რომ გაოცდები.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი

ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ თუმცა კი პატარა სკოლა ვართ, მაგრამ დიდი მიღწევები გვაქვს. არაერთ კონკურსში ვართ გამარჯვებული. 2021 წელს ჩვენი სკოლის მერვეკლასელი გოგონა, არზუ ხალილოვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა, შარშან კი მესამე ადგილზე გავიდა ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე.

„უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ერთი 25 წელი იქნება, თუ არა მეტი, სკოლის კურსდამთავრებულები სასწავლებლად ყველა საქართველოში რჩება; განსაკუთრებით, „4+1 პროგრამის“ შემოღებამ ძირფესვიანად შეცვალა მიდგომები, უამრავმა აბიტურიენტმა ჩააბარა თბილისში, წარმატებით დაამთავრეს უნივერისტეტები  და სკოლებში, სხვა ორგანიზაციებში, დაწესებულებებში არიან ეს კადრები წარმოდგენილი და ძალიან წარმატებული კადრებიც არიან. ჩვენი, საგანმანათლებლო მიმართულებით თუ ვიტყოდით, არა მარტო აკაურთის, არამედ ბოლნისის სხვა აზერბაიჯანულენოვანი სკოლების ახალგაზრდები, რომლებმაც სწავლა განაგრძეს თბილისში, დაბრუნდნენ მშობლიურ სკოლებში პედაგოგებად და მათი აბსოლუტური უმრავლესობა უფროსი მასწავლებელი გახდა, 10 კრედიტ-ქულის მიღებით თან, რაც ნამდვილად დიდი მიღწევაა. წარმოიდგინეთ, რამხელა პროგრესი და განსხვავება გვაქვს თუნდაც 20 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით. ახალი ძალა, ახალი ენერგია ნამდვილად ამართლებს, თან მათ ქართულ ენაზე აქვთ უმაღლესი სასწავლებლები დამთავრებული, ესეც თავის სიტყვას ამბობს. ყოველ წელს, სკოლიდან კურსდამთავრებულების 60%-50% აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში და თან ყველანი თბილისში.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი

„გარდა ამისა, პროფესიული კოლეჯების მიმართაც მეტი ინტერესი ჩნდება. ვერ ვიტყოდი, რომ მასობრივად მიდიან ასეთ კოლეჯებში, მაგრამ გაზრდილია მაჩვენებელი.  ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ყველა ახალგაზრდამ რომ მარტო იმაზე იფიქროს, რომ უნდა ჩავაბარო უმაღლეს სასწავლებელში და ან მასწავლებელი უნდა გავხდე, ან ექიმი, ან ინჟინერი, ასე არ გამოვა. ქვეყანას სჭირდება სხვა დარგების სპეციალისტებიც. ამის აუცილებლობა დადგა უკვე. საბჭოთა პერიოდში არსებობდა პროფტექნიკუმები და არ არსებობდა კადრების დეფიციტი, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ კადრების მხრივ ნაკლებობაა. ამ ეტაპზე არ შემიძლია იმის თქმა, რომ ასეთი სასწავლებლების მიმართ ინტერესი მასობრივ ხასიათს ატარებს, მაგრამ უკვე, ვხედავ, რომ თანდათანობით დაიძრა ადგილიდან ეს საკითხი და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ეს უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა ნოფალ ალიევმა.

GUARDIANGE-ის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობებს ქვემო ქართლის რეგიონში, ნოფალ ალიევმა უპასუხა, რომ ეს ურთიერთობები მრავალსაუკუნოვანი მეგობრობით და სიყვარულით არის ნაცადი და დღესაც ურთიერთპატივისცემასა და თანადგომაზეა დაფუძნებული.

V-VI სს. აკაურთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

„ჩვენი სოფლის სკოლასთან ახლოს, ცენტრში მდებარეობს V-VI სს. აკაურთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, წარმოიდგინეთ, მე-5 საუკუნის ქრისტიანული ტაძარი – უძველესი ისტორიის, ინტერნაციონალური სოფელია. ჩვენ, ამ ბოლო საუკუნეების განმავლობაში, ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ოსები, უკრაინელები, რუსები ამ ერთ სოფელში ვცხოვრობდით. ახლა უკრაინელები და რუსები აღარ არიან, მაგრამ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები ისევ და ისე ვცხოვრობთ, როგორც ამ საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ – გემრიელად, მოფერებით, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული წესით. ჩვენც ასე ვაგრძელებთ. არანაირი, არანაირი, არასდროს, ერთი პატარა შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ რაღაც ან ეროვნულ ან რელიგიურ ნიადაგზე ყოფილიყო გარჩევა, გარკვევა და უთანხმოება. ჩვენი სოფელი არის ერთ მუჭად შეკრული, ყველა ერის წარმომადგენელი ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით, მოფერებით განაგრძობს ერთად ცხოვრებას – 65-70% აზერბაიჯანელები, 25-30% ქართველები და სომხები, მათგან 10% ალბათ სომხები არიან. ბოლნისში ერთ-ერთი იშვიათია სოფელია, რომელიც ასეთი ინტერნაციონალურია და საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობთ ერთად.  

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი აკაურთა

„ისიც მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ისტორიიდან გამომდინარე, საუკუნეების მანძილზე, ეს არის ასე, რომ ჩვენს შორის, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის, არსებობდა და ახლაც არსებობს კეთილგანწყობა, პატივისცემა, თანადგომა და დიდი სიყვარული. ღმერთმა არ მოშალოს ეს და ასე გაგრძელდება, იმედი მაქვს. ჩვენ, აზერბაიჯანელები, ეროვნული უმცირესობა რომ ვართ, ზოგიერთს ჰგონია, რომ უცხოები ვართ, და თუ არ ვართ ქართველები, არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. მუხრან მაჭავარიანის თქმისა არ იყოს:

„ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორ-ველი,

ვინც არ უნდა იყოს იგი – ფინელი თუ ინდოელი,

ვინც გლეხია,

ვინც მუშაა,

ვინც სიმართლის მძებნელია –

საქართველო არ უყვარდეს – ყოვლად შეუძლებელია!“

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი აკაურთა

აი, ამ დიდებული სიტყვებიდან გამომდინარე მეც ვიტყოდი… ცხოვრობდე ამ ულამაზეს ქვეყანაში – არაჩვეულებრივი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვს საქართველოს ხომ?! – აქ ცხოვრობდეს ადამიანი და არ უყვარდეს თავისი სამშობლო, ეს რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველას უყვარს ეს ქვეყანა და მეც, რა თქმა უნდა, უსაზღვროდ ვარ ამ ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე“, – უთხრა ნოფალ ალიევმა GUARDIANGE-ის.  

ბიოგრაფიული ცნობები ნოფალ ალიევის შესახებ

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი

დაიბადა 1970 წლის 24 მაისს ბოლნისში, აკაურთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში განაგრძო და 1-წლიანი კოლეჯის დასრულებიდან მალევე, საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს; 2 წელი პოლონეთში მსახურობდა, იქიდან დაბრუნებულმა კი, ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულებით – მათემატიკა, ფიზიკის განხრით ჩააბარა, რომელიც 1996 წელს დაამთავრა, დაბრუნდა საქართველოში და 1998 წელს მშობლიური სოფლის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა; 4 თვეში,  აკაურთის არასრული საშუალო სკოლის დირექტორად დაინიშნა; 2007 წელს დირექტორობის მსურველთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, უმაღლესი ქულები დააგროვა და 6 წლის ვადით აირჩიეს დირექტორის თანამდებობაზე; დღემდე აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, პარალელურად ასწავლის მათემატიკას.

 

ბოლო სიახლეები