spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაახალქალაქის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი: რაღაცამ უნდა შეაჩეროს მიგრაციის პროცესი,...

ახალქალაქის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი: რაღაცამ უნდა შეაჩეროს მიგრაციის პროცესი, ახალი სკოლა დიდი სტიმული იქნება ყველასათვის

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებს. სკოლის ახალი დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი აცხადებს, რომ საბჭოთა პერიოდში აშენებული სკოლა ვერანაირად ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში

„თავადაც ხედავთ, როგორაა დაზიანებული სკოლის შესასვლელი კიბეები და გარე თუ შიდა კედლები, იატაკი. საკლასო ოთახები არასახარბიელო მდგომარეობაშია, სასკოლო ინვენტარი ამორტიზებულია.

საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში

„ჩვენთან გრძელი და ძალიან ცივი ზამთარი იცის, შეშის ღუმელები სკოლის ამხელა აუდიტორიებს სათანადოდ ვერ ათბობს. საბჭოთა და შემდგომ წლებში აქ ცენტრალური გათბობა გამართულად  მუშაობდა, მაგრამ ახლა უკვე საკლასო ოთახებში შემორჩენილი ეს რადიატორები მხოლოდ ჯართისთვის თუ გამოდგება.

საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში

„საჭიროა ყველაფრის ფუნდამენტურად შეცვლა, საჭიროა სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდეს და ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც თანამედროვე სკოლას შეეფერება. სხვაგვარად, ასეთ მდგომარეობაში, არ არსებობს იმის რაიმე შანსიც კი, რომ ჩვენმა სკოლამ სავალდებულო ავტორიზაცია გაიაროს“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ფატმან ლაკლაკიშვილმა.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი (ხელმარცხნივ) და ყოფილი დირექტორი ლუსია ბოზოიან (ხელმარჯვნივ)

დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, საკითხის მოგვარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წერილით მიმართვას აპირებს.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის პედაგოგები

„უნდა ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, განათლების სამინისტრო, რომ მოხდეს ჩვენი სკოლის რეაბილიტაციის პროექტში დროული ჩასმა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც 2026 წლისთვის საქართველოს 800 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ან ახლის აშენებას ითვალისწინებს, უმნიშვნელოვანესია და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სკოლაც შეუერთდება ამ 800 სკოლის რიგებს.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებთან

„ვფიქრობ, ასეთ, პრაქტიკულად გარე სამყაროსგან მოწყვეტილ, რთულ კლიმატურ პირობებში მცხოვრებ ბავშვებზე, რომლებიც ისედაც ბევრ რამეს არიან მოკლებული, თანამედროვე სკოლას უზარმაზარი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებთან

თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ნიჭიერი ბავშვის შესაძლებლობები იკარგება სპორტსა თუ ხელოვნებაში, მხოლოდ იმის გამო, რომ სოფლად არ არსებობს წრეები, ახალქალაქამდე კი30 კილომეტრია და აქ მცხოვრებლებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ იქით-აქეთ, 60 კილომეტრის მანძილზე ატარონ ბავშვები. მით უფრო გზის გარკვეული მონაკვეთიც – დაახლოებით, 6-7 კილომეტრი, მოუწესრიგებელია.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის სომხური ენის მასწავლებელი მოსწავლეებთან

„აქაურების შემოსავლის ძირითადი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი წყაროც კი, კარტოფილია. მეტი აქ არაფერი მოდის. აქედან გამომდინარე, მიგრაციული პროცესი დღითიდღე მატულობს. ძირითადად რუსეთში მიდიან ოჯახები. ახლახან ჩვენი თანამშრომლის, ჩვენი ბუღალტრის ვაჟიც რუსეთში წავიდა საცხოვრებლად. მას სამი შვილი ჰყავს და ეს სამი შვილი ჩვენს სკოლას მოაკლდა. მომავალი 2 სასწავლო წელი პირველკლასელი საერთოდ არ გვეყოლება. თანდათან დაბლა ჩამოდის მოსწავლეთა რაოდენობა, უკვე 60-ს უახლოვდება, არადა თავის დროზე სკოლის ეს საკმაოდ დიდი, 2-სართულიანი შენობა რამდენიმე ასეულ ბავშვზე იყო გათვლილი“, – სინანულით უთხრა GUARDIANGE-ის ფატმან ლაკლაკიშვილმა, რომელიც 12 წელია დიდი სამსარის საჯარო სკოლაში ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელია და კარგად იცნობს სკოლაში და საგანმანათლებლო სფეროში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს.

საგაკვეთილო პროცესი პირველკლასელებთან სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში

მისი ორივე შვილი დიდი სამსარის საჯარო სკოლაში სწავლობს, უმცროსი შვილი წელს შევიდა პირველ კლასში.

საგაკვეთილო პროცესი პირველკლასელებთან სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში

როგორც ფატმან ლაკლაკიშვილმა თქვა, გამომდინარე იქიდან, რომ სოფელში საბავშვო ბაღი არ არსებობს, პირველკლასელებს არ აქვთ გაკვეთილზე მოქცევის შესაბამისი უნარები.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი

„ეგეც ერთი დიდი პრობლემაა, რომ სოფელში ბაგა-ბაღი არ გვაქვს. ბავშვები ამ მხრივაც დაჩაგრულ მდგომარეობაში არიან. მოკლედ, ეს ყველაფერი, რაზეც გესაუბრებით, ეს პრობლემები, ეს უპერსპექტივობის განცდა, აიძულებს ოჯახებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ. რაღაცამ უნდა შეაჩეროს ეს პროცესი. ახალი სკოლა დიდი სტიმული იქნება ყველასათვის, მათ შორის პედაგოგებისთვისაც“, – აღნიშნა ფატმან ლაკლაკიშვილმა.

ბოლო სიახლეები