spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაშეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატების დამატებით სანქციებში ჯამში 150 იურიდიული და ფიზიკური პირი მოხვდა, მათ შორის „ქართველ-რუსი ოლიგარქი ოთარ ანზოროვიჩ ფარცხალაძე”.

სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათა მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ, – იტყობინება Associated Press-ი.

“სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქციებს ქართველ-რუს ოლიგარქსა და რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, რათა შემდგომში მოხდეს გამკლავება რუსეთის ფედერაციის მავნე გავლენებთან საზღვარგარეთ.

ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე 1(a)(i) პუნქტის შესაბამისად არის სანქცირებული რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის. ფარცხალაძე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ოლიგარქია.

ალეკსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკო (ონიშჩენკო) 1(a)(iii)(A) პუნქტის შესაბამისად სანქცირებულია როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ლიდერი, თანამდებობის პირი, უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი და დირექტორთა საბჭოს წევრი. ონიშჩენკო არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცერი.

FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მიემგზავრებოდა რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენის მოხდენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSBსთან კავშირის შედეგად.

პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი ორგანიზაცია სანქცირებულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში ოპერირების ან საქმიანობისთვის. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რომელთა 50 პროცენტი ფარცხალაძეს ეკუთვნის”, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთ უმსხვილესია ამ დრომდე დაწესებულ შეზღუდვებს შორის და მიმართულია რუსეთის, თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს მოქალაქეებისა თუ კომპანიების მისამართით, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებასა და დასავლურ ტექნოლოგიებს რუსეთში ყიდიან, რითაც ხელს უწყობენ ომს.

ბოლო სიახლეები