spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკასაქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.

ეროვნულ ბანკის განმარტებით, ინფლაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, სამიზნე მაჩვენებელზე (სამი პროცენტი) დაბალია და აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა, საგარეო ფაქტორების როლი ინფლაციის ფორმირებაში კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

„კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნედლეულის ფასებმა იკლო და საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები, ასევე, მნიშვნელოვნად განაპირობებს ინფლაციის კლებას. შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და აგვისტოში ის 6.1 პროცენტს გაუტოლდა. წლის განმავლობაში მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთანავე, სახეზეა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხის განეიტრალების ადრეული ნიშნებიც. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტემპი გრძელვადიან პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას მიუახლოვდა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ სამპროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი მასთან ახლოს შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზე დაბალი ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებას უწყობს ხელს“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში, თუმცა მიიჩნევენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია.

„მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საგარეო რისკებთან ერთად, ჯერ კიდევ საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც. მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებისა, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებამ მომავალში ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შეიძლება, წარმოშვას.

ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება.

ბოლო სიახლეები