spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაახალქალაქის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიან: „საქართველო ჩემი სამშობლოა“

ახალქალაქის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიან: „საქართველო ჩემი სამშობლოა“

„საქართველო ჩემი ქვეყანაა, ჩემი სამშობლოა. მე დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ საქართველოში – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ ხანდოში. მთელი გულით მიყვარს ჩემი ქვეყანა, საქართველო“, – უთხრა GUARDIANGE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა ზოია ნაზარიანმა ქართულ ენაზე განუცხადა.

ზოია ნაზარიანის განცხადებით, ხანდოს საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს და მოსწავლეების გარდა, პროცესში მასწავლებლებიც არიან ჩართული.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიან პედკოლექტივთან ერთად

„ხანდოს საჯარო სკოლაში ამჟამად 130 მოსწავლეა. სექტემბრისთვის 16 პირველკლასელია დარეგისტრირებული, მე-12 კლასი კი 14-მა დაამთავრა. მე დირექტორის პოსტზე 5 წელია რაც ვმუშაობ და მინდა გითხრათ, რომ ბოლო ორი წელი და უკვე მესამე წელსაც თუ ჩავთვლით, 2023-2024 სასწავლო წელს, საგრძნობლად იმატა მოსწავლეთა რაოდენობამ. ბოლო სამ წელიწადში პირველკლასელთა უფრო მეტი რაოდენობა შემოდის. გასულ წელს 19 პირვეკლასელი გვყავდა, 2021 წელს კი 20. თუკი წინა წლებში კლასებში მაქსიმალური რაოდენობა 10-11-12-ს შეადგენდა, ახლა მესამე წელია, რაც უკვე პირველ კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ საგრძნობი მატებაა“, – განაცხადა ზოია ნაზარიანმა.

დირექტორის თქმით, ამჟამად ხანდო საჯარო სკოლაში 17 მასწავლებელია, მათგან ერთი წამყვანი, რვა უფროსი, ოთხი პრაქტიკოსი, ოთხი უსტატუსო.

„სკოლაში ქართულის როგორც მეორე ენის სამი მასწავლებელია, მათგან ერთი წამყვანი, ქალბატონი ნატო კაპანაძე, ერთი უფროსი, ერთი კი უსტატუსოა. ქართული ენის სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს, ბავშვებს ძალიან უყვართ ქართული ენა, ისინი კითხულობენ, წერენ, ლაპარაკობენ ქართულად“, – უთხრა GUARDIANGE-ის ზოია ნაზარიანმა.

ხანდოს საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებლის, ნატო კაპანაძის შეფასებით, სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლისადმი დამოკიდებულება და მოტივაცია, ყოველთვის მაღალი იყო.

„მე პირადად, 2009 წელს, როცა აქ მოვედი პროგრამით, რამაც ხელი შემიწყო და რამაც განაპირობა ჩემი წარმატება და მიღწევები, იყო სწორედ დამოკიდებულება და მოტივაცია – დიახ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ სახელმწიფო ენა, რადგან საჭიროა ეს ჩვენთვის – ყოველთვის ასეთი შემართებით უდგებოდნენ ამ საკითხს. მეორეა, ვის რამდენად და რა დონეზე შეეძლო სახელმწიფო ენის შესწავლა, ჩვენ ხომ მხოლოდ მოსწავლეებს არ ვასწავლით ქართულს. ჯერ მოსწავლეებთან დავიწყეთ, შემდეგ პედაგოგები დაემატნენ, რადგან მათთვის სავალდებულო გახდა ეს. შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა, რომ მაქსიმალურად, ვისაც რა შეეძლო, თავისი შეგნებით და შესაძლებლობით მაქსიმუმი გააკეთა და ამ სკოლაში ყველანაირად ვგრძნობდი მხარდაჭერას ამ მხრივ.

„ინიციატივა მოდიდოა ჩემგანაც, მასწავლებლიდანაც, ბავშვებიდანაც და მინდა ვთქვა, რომ 2009 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა მაქვს, ვერც კი გავიხსენებ რაიმე ხელისშემშლელ ფაქტორს. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ იდეალური მდგომარეობაა სახელმწიფო ენის ცოდნის მხრივ, ნამდვილად ვერ დავიკვეხნით ამას, მაგრამ პროგრესი ძალიან დიდია, თუკი 2009 წლის და დღევანდელ მდგომარეობას შევადარებთ“, – უთხრა GUARDIANGE-ის ნატო კაპანაძემ.

მისი შეფასებით, ენის შესწავლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემოს როლი და იქიდან გამომდინარე, რომ ხანდოსა და მიმდებარე სოფლებში ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეები კომპაქტურად ცხოვრობენ და ქართულენოვან გარემოსთან შემხებლობა არ არსებობს, ეფექტური შედეგის მისაღწევად, ქართული ენის სწავლება განსხვავებული მეთოდით უნდა იყოს წარმართული.

„როცა აქ დავიწყე მუშაობა, სულ სხვა სურათი იყო. მე ვიცოდი სად მოვდიოდი, რატომ მოვდიოდი, რა გამოწვევების წინაშე დავდგებოდი და ზოგადად, რა უნდა მეკეთებინა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება არ იყო უცხო. მე პირადად, 1993 წლიდან ვმუშაობდი ახალციხის სომხურენოვან სკოლაში, ანუ ამ მიმართულებით გამოცდილება მქონდა, ტრენერიც ვიყავი და ამდენად, უკვე ვიცოდი სად მოვდიოდი და რა პრობლემების წინაშე დავდგებოდი. იცით, საინტერესო რა იყო?! – ეს აღნიშვნის ღირსია. მე დავინახე გარემოს როლი ენის სწავლებაში. სადაც მე ვმუშაობდი ხანდომდე, იქ სულ სხვა მდგომარეობა, სხვანაირი დამოკიდებულება იყო, მაგრამ ხანდოში მოსვლისას ამგვარი გარემო არ იყო და არც ახლა არის. რას ვგულისხმობ?! აქ, კომპაქტურად დასახლებული სომხურენოვანი სოფელია და ქართულენოვან გარემოსთან კავშირი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მეც სულ სხვა მეთოდებითა დავიწყე სწავლება. თავდაპირველად, კვირეული დატვირთვა იყო სამი საათი, თუ არ ვცდები 2010-2011 წლიდან უკვე კვირეული დატვირთვა გახდა 5 საათი. მხოლოდ კლასში საგაკვეთილო პროცესში ხდებოდა ქართული ლექსიკის ათვისება. ხშირად ეს სიტყვები უფრო მეტად პასიური ლექსიკა იყო, ძალიან ბევრი ძალისხმევა გვჭირდებოდა, რომ ეს გამხდარიყო მათთვის აქტიური ლექსიკა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ნატო კაპანაძე

„ნელ-ნელა, ხელოვნური და სხვა საკომუნიკაციო სიტუაციების შექმნისა და არაორდინალური მეთოდების დანერგვის შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ ბავშვებმა მოკლე-მოკლე დიალოგები დაიწყეს და შეძლეს საუბარი. უკვე ამის მიღწევა, რომ მათ დიალოგის წარმართვა და საკომუნიკაციო სიტუაციებში ჩართვა შეძლეს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ნათელი წერტილი იყო. ამით არ დავკმაყოფლდით და უფრო შორს წავედით. თანდათან, მოსწავლეებშიც გაიზარდა მოტივაცია. ადრეულ ეტაპებზე თითქოს უცხო იყო მათთვის ქართული ენა, კულტურა… უკვე ეს გაუცხოება მოიხსნა, კომპლექსი მოიხსნა. ამაში ძალიან დაგვეხმარა ინტეგრირებული ბანაკების პროგრამა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეები იყვნენ ჩართული და ბავშვების ერთად გატარებული 10-12 დღე ძალიან შედეგიანი იყო. პრაქტიკულად, ამ ბანაკებში ხდებოდა კლასში შესწავლილი ლექსიკის გამოყენება. ამავე დროს, ძალიან დაგვეხმარა ექსკურსიები, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვაწყობთ და მასში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც არიან ჩართული. დავდივართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ბავშვებმა იგრძნეს, რომ ეს ქვეყანა მათია. მანამდე საქართველოს ასე არ იცნობდნენ, არ იყვნენ ნამყოფი ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში. ახლა გავედით, გავცდით მუნიციპალიტეტის ფარგლებს და უკვე ამ გაცნობამ და ამ სიახლოვემ განაპირობა ის, რომ მათ სხვანაირად დაინახეს სახელმწიფო ენის ცოდნის საჭიროება. მოკლედ, ეს პროგრესი სახეზეა. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისში აბარებს – ზოგი ახლაც იქ სწავლობს, ზოგმა დაამთავრა“, – აღნიშნა ნატო კაპანაძემ.

ზოია ნაზარიანის თქმით, ხანდოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მხრივ რაიმე არსებითი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდო

„არ გვქონდა სპორტული დარბაზი და სექტემბრისთვის უკვე მზად იქნება. სხვა მხრივ სკოლა ყველა ნორმას აკმაყოფილებს. ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, ნორმალური სასწავლო გარემოს შექმნის სხვა მიმართულებითაც ჩვენთან კარგი მდგომარეობაა. სკოლას ვამარაგებთ დამხმარე სასწავლო რესურსებით ნებისმიერ საგანში, რასაც მასწავლებელი აირჩევს – ყველაფერში თანადგომას ვუცხადებ მათ. ინტერნეტი ყველა საკლასო ოთახშია ხელმისაწვდომი, გვაქვს კომპიუტერები, პროექტორი. ყოველთვის ხელს ვუწყობ პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ ტრენინგებში, მუდმივად ინფორმირებული არიან სიახლეების შესახებ. მაქსიმალურად ვზრუნავ როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებაზე“, – განაცხადა ზოია ნაზარიანმა.

დირექტორი ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლის, ნატო კაპანაძის როლს სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ დადებითად აფასებს.

„მე ქართული ენის შესწავლა ქალბატონი ნატო კაპანაძის დახმარებით დავიწყე. ნატო კაპანაძე არის ძალიან კარგი და აქტიური მასწავლებელი. მისი ჩვენს სკოლაში მოსვლის შემდეგ. იგი ახალციხიდან მოვიდა ჩვენთან, მინდა გითხრათ, რომ კარგი მასწავლებელია. მე ძალიან მიყვარს ქართული, ძალიან კარგად ვსწავლობ, ორი გამოცდა ჩავაბარე, ახლა ბ1 დონეზე ვფლობ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენას. მთელი სოფელი ემადლიერება ქალბატონ ნატოს, იგი მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთნაირი შემართებითაა და გვასწავლის დაუღალავად. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ პედაგოგების უმრავლესობას ქართულ ენაში ბ1 სერტიფიკატი აქვს მიღებული“, – უთხრა GUARDIANGE-ის ზოია ნაზარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო მისი სამშობლოა და მისთვის ყველაზე შთამბეჭდავად ამ ქვეყნის ისტორია, უძველესი კულტურა, ქრისტიანობა მცხეთაში აღიქმება.

„საქართველო ჩემი ქვეყანაა, ჩემი სამშობლოა. მე დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ საქართველოში – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ ხანდოში. მთელი გულით მიყვარს ჩემი ქვეყანა, საქართველო. საქართველოს კუთხეებიდან, სადაც ამ დრომდე ვარ ნამყოფი, ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთი მომეწონა.

დიდებულია ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი, მდინარე არაგვი – დიდებულია არაგვისა და მტკვრის შესართავი – მცხეთა, უძველესი და ულამაზესი ქალაქი. თუ გინდა, რომ საქართველოს ნამდვილი სული და ისტორია შეიგრძნო, მცხეთას, საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქს უნდა ესტუმრო. აქ ყველაზე შთამბეჭდავად აღიქმება საქართველოს ისტორია, მისი უძველესი კულტურა, ქრისტიანობა“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ზოია ნაზარიანმა.

ხანდოს საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებლის, ნატო კაპანაძის თქმით, ზოია ნაზარიანი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს კუთხეებს და უნდა რომ სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ექსკურსიების მეშვეობით მაქსიმალურად გააცნოს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი.

„როცა აქ მოვედი, ქალბატონმა ზოიამ საერთოდ არ იცოდა ქართული ენა, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა სახელმწიფო ენის შესწავლის, რომ ისწავლა. რომ იტყვიან, ნულიდან დაიწყო და ასეთ კარგ შედეგამდე მივიდა. იმ საგნებიდან გამომდინარე, რასაც ასწავლის ბავშვებს – საქართველოს გეოგრაფიას და სამოქალაქო განათლებას – ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეტყოდით, რომ ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ყოველდღე რომ გაკვეთილზე შედის და საქართველოს გეოგრაფიას, მის კუთხეებს ასწავლის მოზარდებს, რუკაზე აჩვენებს და აცნობს, უკვე მიდგომაც სხვაგვარი აქვს. იმის თქმა მინდა, რომ მისი დამოკიდებულება და მოტივაცია თავისთავად, აქედან გამომდინარე, ყოველთვის უფრო მაღალი იყო. საოცრად უყვარს საქართველო, მეუბნება ხოლმე – ნატო, აბა სადმე წაგვიყვანე კარგ ადგილას. ბოლო წლებში ექსკურსიებზე ვიყავით უფლისციხეში, ვარძიაში, თბილისში, მცხეთაში, ბევრგან. მეუბნება -კიდევ წავიდეთ სადმე, რომ საქართველოს ღირსშესანიშნაობები დაათვალიერონ არა მხოლოდ ბავშვებმა, მასწავლებლებმაც. ახლა ძამას ხეობაში გვაქვს დაგეგმილი გასვლა. გვეუბნება – სანამ დირექტორი ვიქნები, საქართველოს ყველა კუთხე უნდა მოგატაროთო. მას იმდენად უყვარს ეს ქვეყანა და ისე ახლოს იცნობს მას რუკებისა და წიგნების მეშვეობით – საგნიდან გამომდინარე – რომ უნდა ჩვენც გვაზიაროს“, – უთხრა GUARDIANGE-ის ნატო კაპანაძემ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ზოია ნაზარიანის შესახებ

დაიბადა და გაიზარდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში. ხანდოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სომხეთის დედაქალაქში განაგრძო და 1997 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის წარმატებით დასრულებიდან რამდენიმე თვეში, მუშაობა ხანდოს მშობლიურ სკოლაში გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად დაიწყო. 2018 წელს დაინიშნა ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, მანამდე კი წლების განმავლობაში სასწავლო ნაწილის გამგე იყო. ჩაბარებული აქვს გამოცდა ორ საგანში – გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებაში – 10-10 კრედიტით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ქართული ენის გრძელვადიანი კურსის გავლისა და ბ1 სერტიფიკატის მიღების შემდეგ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. დირექტორობის პარალელურად, სკოლაში ორ საგანს – გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

ბოლო სიახლეები